Reuters: სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა
სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პოლიციის ცნობით, ჩხრეკის მიზანი გამომძიებლების მიერ სეულში მდებარე ავიაკომპანია Jeju Air-ის ოფისიდან და ქალაქ მუანის აეროპორტიდან დოკუმენტებისა და მასალების ამოღება იყო.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა. სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.