სიბიგა: გაზის ტრანზიტის შეჩერებამ პუტინს ევროპაში გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი წაართვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის ტრანზიტის ბლოკირებით უკრაინამ რუსეთს ევროპაზე გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა. ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter) დაწერა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა შეამცირებს რუსეთის უნარს, გავლენა მოახდინოს ევროპაზე და გამოიყენოს ენერგია იარაღად.
„უკრაინამ მხოლოდ რუსული გაზის ტრანზიტი არ დაბლოკა. ჩვენ პუტინს წავართვით ევროპაში გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი და ენერგიის იარაღად გამოყენების შესაძლებლობა. ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება რუსული გაზის, ნავთობისა და სხვა დამოკიდებულების გარეშე, ისევე, როგორც თავად რუსეთის გარეშე“, – წერს სიბიგა.