top_leaderboard

ზაზა შენგელია: ძალიან მინდა, ნიკო ლეკიშვილის ალბომის – „თბილისელის“ პრეზენტაცია ისე გავაკეთო, როგორც მას გაუხარდებოდა… და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ

„ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

„ბატონი ნიკო ლეკიშვილი… ძალიან მაგარი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან, რომელსაც დიდი ამაგი მიუძღვის თავისი ქალაქის და ქვეყნის მიმართ. საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ იშვიათად მოიძებნება სახელმწიფო მოხელე, რომელიც ყოველთვის ყველასგან  გამოირჩეოდა პროგრესული აზროვნებით, ინტელექტით, ნიჭიერებით, შრომისუნარიანობით… შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის იყო თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მერი, თხემით ტერფამდე თბილისელი ამ სიტყვის ფართო გაგებით, რომელიც ხუთი თითივით იცნობდა თბილისს, მის პრობლემებს და მაჯისცემას, ერთი მხრივ პატივს სცემდა ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამასთან ერთად იყო ძალიან თანამედროვე ხედვების მქონე პროგრესული მენეჯერი, რომელიც გასული საუკუნის 90-იანებში, დამოუკიდებლობააღდგენილ ახალ საქართველოში, უამრავ სასიკეთო სიახლეს ქმნიდა როგორც თბილისისათვის, ასევე მთელი საქართველოსათვის… ის იყო საკმაოდ მკაცრი, დისციპლინირებული, მომთხოვნი, მაგრამ იმავდროულად ძალიან სამართლიანი, უაღრესად კეთილშობილი, თავმდაბალი და თბილი ადამიანი… 1994 წელს, როდესაც ჩემს მეგობრებთან და „საერთაშორისო ახალგაზრდულ ფონდთან“ ერთად საქართველოში პირველი სატელევიზიო ფესტივალი „მანა“ ჩავატარე, მას პირადად არც მე და არც ჩემი მეგობრები არ ვიცნობდით. იმ რთულ დროში ამხელა საფესტივალო დღესასწაულის მოწყობა საკმაოდ დიდ სახსრებთან იყო დაკავშირებული და დიდი წვალებით სპონსორებიდან ლარს ლარზე ძლივს ვაგროვებდით. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, ჩვენთან „საერთაშორისო ახალგაზრდული ფონდის“ ოფისში მოვიდა და გვითხრა: „ბიჭებო, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, ისიც ვიცი, რომ თანხების მოზიდვა გიჭირთ და თბილისის მერია 5 000 დოლარით დაგეხმარებათო“. იმ დროში ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ფესტივალმა ფურორით ჩაიარა, ერთ კვირაში მერიაში, თავის კაბინეტში დამიბარა და მე, მისთვის აბსოლუტურად უცნობ ახალგაზრდა ადამიანს, კულტურის და სოციალურ სფეროში თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერობა შემომთავაზა. მომდევნო პერიოდში უამრავი, მისთვის სრულიად უცნობი ნიჭიერი ახალგაზრდა მიიწვია სახელმწიფო სამსახურში… ოთხიოდე თვის წინ, სექტემბერში შევხვდით ჩემთან „ბრავო რექორდსში“, მინდა, ჩემი სიმღერების ალბომი გამოვცეო, ერთად შევადგინეთ ალბომის რეპერტუარი, შევარჩიეთ ალბომის გარეკანის ფოტო და მოვიფიქრეთ სახელი „თბილისელი“, მით უფრო, რომ ალბომში შესული 12 სიმღერიდან 7 სიმღერა თბილისს ეძღვნებოდა, მათ შორის იყო 2 მის მიერ შექმნილი სიმღერა.  როცა ალბომში შესული სხვა სიმღერების საავტორო უფლებებზე  ჩამოვარდა საუბარი, მთხოვა, იქნებ ნებართვებზე შენ დაურეკო კომპოზიტორებს და ტექსტის ავტორებს, მე რომ დაველაპარაკო და უარი მითხრან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდებიო. პირველ რიგში ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძეს და ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს დავურეკე და ვუთხარი, ბატონ ნიკოს მოერიდა თქვენთან დარეკვა და მისი სახელით გირეკავთ, ალბომს უშვებს და უნდა, რომ ალბომში თქვენი ესა და ეს სიმღერები შეიტანოს-მეთქი. მაცაცოც მეჩხუბა და ნუნუც  – ზაზა, ნიკოს პირადად ჩვენი შემოქმედებისთვის და ზოგადად ქართული კულტურისთვის იმდენი სასიკეთო რამ აქვს გაკეთებული, თავად ფაქტი, რომ ჩვენი სიმღერების ალბომში შესატანად ნებართვას გვთხოვს, ძალიან უსამართლოა მისი მხრიდანო, გადაეცი ჩვენგან, რომ ყველანაირ უფლებებზე თანხმობა აქვს და ექნება, თან ყოველთვისო, მაგას რა კითხვა უნდაო… ბატონ ნიკოს მაცაცოზე და ნუნუზე რომ მოვუყევი, ძალიან გაუხარდა და თვალები ცრემლებით აევსო… ალბომში ასევე შევიდა მისი ბავშვობის მეგობრის – გენიალური გია ყანჩელის ერთ-ერთი უცნობი სიმღერაც, რომლის შესრულებაც თავად ბატონმა გიამ სთხოვა ბატონ ნიკოს. ორთვიანი მუშაობის შემდეგ ალბომის მაკეტიც დამზადდა, ტირაჟიც დაიბეჭდა და წინასაახალწლოდ მის პრეზენტაციასაც ვგეგმავდით, თუმცა, ბატონი ნიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო განუსაზღვრელი ვადით გადავდეთ… ძალიან მინდა, თავისი ქალაქისა და ქვეყნისათვის ამ მართლაც ღვაწლმოსილ და კეთილშობილ ადამიანს, ჩემს უფროს მეგობარს, უკანასკნელი სურვილი შევუსრულო და მისი  ალბომის – „თბილისელის“ პრეზენტაცია ისე გავაკეთო, როგორც მას უნდოდა და გაუხარდებოდა… და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – წერს ზაზა შენგელია.

ასევე იხილეთ