დავით ქართველიშვილი მაკრონის მიერ ილონ მასკის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებაზე: როდესაც ათეულობით წლების განმავლობაში შენ ერევი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და რეალურ და არა გამოგონილ რეაქციულ ძალებს უჭერ მხარს – შენს “ტყეშიც” ჩნდება ადრე თუ გვიან “რობინ ჰუდი”
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის მიერ ილონ მასკის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას ეხმიანება.
„მადლობა ემანუელ მაკრონს, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური “ბაბლის” ორმაგი სტანდარტების მეტ-ნაკლებად ზუსტი “ვარგისიანობის ვადა” გააჟღერა“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მაკრონის ეს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც წარმავლის აჯანყება მომავლისადმი.
მისი თქმით, ბუმერანგის პრინციპის მაგალითია მაკრონის განცხადება, ქვეყნის შიდა პროცესებში ილონ მასკის ჩარევასთან დაკავშირებით. დავით ქართველიშვილის განმარტებით, ემანუელ მაკრონის პოლიტიკურ გუნდს და მათ ორმაგ სტანდარტებს ვადა ეწურება.
„წარმავალი მომავალს აუჯანყდა – ასეც შეიძლება განვიხილოთ მაკრონის “თავდასხმა” ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წარმომადგენელზე. თუმცა, მსოფლიოს სიბრძნემ ამ თემაზე კიდევ არაერთი გამონათქვამი შემოგვინახა: “გაუჩინარებულ ქარავანს უყეფდა”, “მომაკვდავი ლომის კბენა”, “სახლი რომ ჩაიწვება, ბოლთან ბრძოლას აზრი არა აქვს”, “ღვიძლის დაშლას “ბორჯომი” აღარ შველის” და ა.შ.
„ათი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს დაუჭერდა ახალ რეაქციულ საერთაშორისო მოძრაობას და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის, გერმანიაში, ვინ წარმოიდგენდა ამას? ”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ილონ მასკზე, საფრანგეთის ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას.
ასეა ბუმერანგის მოქმედების მექანიზმი. როდესაც ათეულობით წლების განმავლობაში შენ ერევი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და რეალურ და არა გამოგონილ რეაქციულ ძალებს უჭერ მხარს – შენს “ტყეშიც” ჩნდება ადრე თუ გვიან “რობინ ჰუდი”. მადლობა ემანუელ მაკრონს, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური “ბაბლის” ორმაგი სტანდარტების მეტ-ნაკლებად ზუსტი “ვარგისიანობის ვადა” გააჟღერა – ათი წელი. სინამდვილეში, მეტი იყო “მესიე მაკრონ”, მაგრამ ამ ყველაფერს ვადა რომ ეწურება – ამაში გეთანხმებით,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.