top_leaderboard

მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო მსახურება ძირითადად ღამისთევით ტარდება.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ.

მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ასევე იხილეთ