პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
„სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანული სამყაროსთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად, საშობაო ალილოს რესპუბლიკის მოედანზე შეუერთდა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა, ქვეყანას მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსურვა და ეროვნული ინტერესების გარშემო უფრო მეტად გაერთიანების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქის იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომლებიც წლევანდელ საშობაო ეპისტოლეშია გამოკვეთილი და რომლებიც ადამიანებს შორის სიყვარულს ქადაგებს და მოქალაქეებს ერისა და საზოგადოების ინტერესებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ გუშინ დავესწარით საშობაო ლიტურგიას, მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, სადაც პატრიარქმა ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანებს შორის და, მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე, ვინაიდან ამპარტავნება, ეგოიზმი არის ის, რაც უშლის ადამიანს იფიქროს საერთო სიკეთეზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას გაიაზრებს ყველა.
ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შემოწირულობა კი ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან, თბილისში ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება. წელს ალილოს მსვლელობის ტრადიციას 25 წელი შეუსრულდა.