„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ”, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.
“უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს”, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.