სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ივანე ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.