გელა ზედელაშვილი: ძმებმა ბეჟუაშვილებმა საქართველოს მხატვართა კავშირის ქონების ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს!
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ოპააააააა!
ძმებმა ბეჟუაშვილებმა ამჯერად საქართველოს მხატვართა კავშირის ქონების ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს!
***
რატომაც არა? სადაც ამდენი (აღარ ჩამოვთვლი), ესეც იქ იყოს, ოჯახი ხრამია, რა იცი, რა ხდება?
ამას წინებზე შპს „ევროპული სკოლის“ დირექტორს სოფიო ბაზაძეს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილისთვის წერილი გაუგზავნია, ჩვენს მეზობლად რომ მხატვართა კავშირის შენობები და ტერიტორიაა, მაგისი ყიდვა გვინდა, ეს საკითხი შეისწავლეთ და მოგვახსენეთ, მანდ ოაზისი უნდა მოვაწყოთ, ჩვენ ევროპიელები ვართ, ჩვენისთანა სკოლა მარტო საქართველოში კი არა, მთელ რეგიონში არ არსებობს, თუ მაგ ტერიტორიას ავითვისებთ, მსოფლიოში გავითქვამთ სახელს, თქვენ წარმოიდგინეთ, მხატვრებსაც დავასაქმებთ და ისეთ პირობებს შევუქმნით, დილა-საღამოს ჩვენზე ილოცებენო, ძირითადად ძმებ ბეჟუაშვილებზეო.
არა, წერილში არ წერია, ძმებ ბეჟუაშვილებზე ილოცებენო, ეს მე დავამატე და არცთუ უსაფუძვლოდ, თუ მხატვრებს ეგენი კომუნიზმში „გადააქცუნებენ“, მაშინ მათ ბეჟუაშვილებზეც უნდა ილოცონ და აქციებზეც უნდა იარონ. აბა, როგორ, ისინიც ხომ უცებ გაევროპიელდებიან?
ჰო, კინაღამ დამავიწყდა… ეგ „ევროპული სკოლა“, რომელიც ქუთათელაძის 6-ში მდებარეობს, სადაც წლიური გადასახადი 18 204 ლარი და 5 თეთრია, ძმებ ბეჟუაშვილებისაა და გაფორმებული აქვთ ერთ-ერთის სიდედრზე.
***
მოდით, ბარემ იმასაც დავაზუსტებ, რა ქონებაზეა საუბარი: ეს გახლავთ, მეგობრებო, საბურთალოს გული, 4066 კვადრატული მეტრი ფართობი და ორი სერიოზული შენობა, სადაც ამჟამად არის მხატვართა კავშირის ოფისი, გალერეა, სახელოსნოები, კერამიკის უნიკალური საამქრო, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მხატვართა კავშირი, საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანება და ასე შემდეგ. თუ ამ ქონებას ბეჟუაშვილები ხელში ჩაიგდებენ, კაი გვარიანად გაფართოვდებიან, უფრო მეტი ბავშვები ეყოლებათ და უფრო მეტნი ივლიან აქციებზე ევროპიული იდეებით. ისემც რა ვუთხარი ამათ, ევროპიული იდეები არ აწუხებდეთ, მაგრამ მაინც.
***
საქმე ის გახლავთ, მეგობრებო, რომ ეს ქონება 2018 წელს მხატვართა კავშირს 10 წლით გადაეცა უსასყიდლო უზუფრუქტით და არავის აქვს უფლება, დროის ამოწურვამდე ბეჟუაშვილებს ან სხვა „ნაცებს“ უპრაგონოდ გადაულოცოს.
ეს ერთი და… მეორეც – თუ გაყიდვა გინდა, შე ოჯახაშენებულო, ჯერ მხატვრებს უთხარი, ეგებ სიხარულით ყიდულობენ?
მხატვრებს იმედი აქვთ, რომ ირაკლი კობახიძე არ დაუშვებს უკანონობას.
უკანონობას თავი დავანებოთ, ალბათ დამეთანხმებით, არ ღირს ბეჟუაშვილების უფრო გამდიდრება და მხატვართა უდიდესი არმიის მომდურება, განაწყენება თუ ქუჩაში გამოყრა. სხვათა შორის, კარგი იქნება, ეს გადარჩენილი ქონება, რომლის დიდი წილიც გიული ალასანიას მსტოვრებმა შეთქვლიფეს, მხატვრებს გადავცეთ და ამით გამოვხატოთ მადლიერება შემოქმედი ადამიანების მიმართ.
როგორც მითხრეს, ამ დღეებში დაგეგმილია შეხვედრა კულტურის მინისტრთან და როგორც მითხრეს, პრემიერ-მინისტრთანაც. ვნახოთ, რა იქნება. არა, მე კი ვიცი, რაც იქნება, მაგრამ ოფიციალური გადაწყვეტილება მაინც სხვა რამეა.
გითხრათ, რა იქნება? მაგ ქონებაზე არავინ იოცნებოს და მით უფრო – „ნაცებმა“, – წერს გელა ზედელაშვილი.