ზურაბ ქადაგიძე: სანამ პიროტექნიკით „პერფორმანსებს“, „მოლოტოვით“ ჟონგლიორობასა და ძალადობას მსახიობობითა და ემოციურობით „გაგვიპრავებთ“, გაიხსენეთ – ხელოვნება ინდულგენცია არ არის
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რამდენიმე პირის პატიმრობაში დატოვებას, რომელთა შორისაც მსახიობი და იუმორისტია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, კანონის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი აგებს პასუხს, გამონაკლისების გარეშე.
„ხელოვნება ინდულგენცია არ არის! ბერნარდ შოუ, კაცი რომელმაც აიღო ნობელის პრემია, ოსკარი და ბრიტანეთში თანამედროვე შექსპირსაც კი უწოდებენ, იყო ყველაზე დიდი ნაძირალა და ამორალური ადამიანი. მისი „ჰუმანური გაზის“ შთაგონებით ატარებდნენ ნაცისტები ექსპერიმენტებს! ასე რომ, ვინმე თუ მსახიობი, მწერალი, მუსიკოსი და ხელოვნების მუშაკი ხართ, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეუხებელი, საზოგადოებაზე ზემდგომი და ჭეშმარიტების განსახიერება ხართ.
დაარღვევთ კანონს და მიიღებთ შესაბამის პასუხს! ასე რომ, დაოკდით და სანამ პიროტექნიკით „პერფორმანსებს“, „მოლოტოვით“ ჟონგლიორობასა და ძალადობას მსახიობობითა და ემოციურობით „გაგვიპრავებთ“, გაიხსენეთ – ბერნარდ შოუ, როცა ბოროტებაზე ღაღადებდა, პიგმალიონი უკვე დაწერილი ჰქონდა, სულ ცოტა და თქვენ ქეთი დევდარიანის საცოდავ პერსონაჟებს ვერ გასცდით, ატყობთ?“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.