ვატო შაქარიშვილი: ამერიკის აგენტობა შესაშური საქმე გახდა, თითქოს ამისთვის ტაში უნდა დაუკრას საზოგადოებამ
“ისე მოხდა, რომ ამერიკის აგენტობა შესაშური საქმე გახდა და თითქოს ამისთვის ტაში უნდა დაუკრას საზოგადოებამ”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი ამბავი არის პრინციპი, შენი საქმიანობა რას ემსახურება.
„ისე მოხდა, რომ ამერიკის აგენტობა შესაშური საქმე გახდა და თითქოს ამისთვის ტაში უნდა დაუკრას საზოგადოებამ. მე, ჩემი მეგობრები და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ვხედავთ განსხვავებას იმაში, ადამიანი, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი იქნება ამერიკის აგენტი, რუსეთის აგენტი თუ ბურკინა ფასოს აგენტი. ამაში არ არის განსხვავება, აქ არის წყალგამყოფი ის, ემსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს თუ ემსახურები სხვის ინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს, ეს რუსეთია, ჩრდილოეთია, დასავლეთია თუ სამხრეთია. ამაში ხომ არ არის განსხვავება.
მთავარი ამბავი არის პრინციპი, შენი საქმიანობა რას ემსახურება, ამ პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც დღეს ხან 5 ნომერს დაიჭერენ, ხან დროშას გამოიცვლიან, ხან „ენჯეოში“ გადადიან, ხან მედიაში გადადიან. ეს ქსელი ემსახურება სხვის ინტერესებს ხომ?“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მმართველი გუნდის ინიციატივას იწონებენ, თუმცა ამბობენ რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივი მოძრაობა საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ამზადებს, რომელსაც პროკურატურაში შეიტანენ.