top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იგრძნოს, რომ კანონი კანონობს

„ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რის გამოც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში”, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც პოლიტიკოსი ჯაშუშების გასამართლებას ეხება.

კითხვაზე, როგორ უნდა დამტკიცდეს სამართლებრივად, ვინ არის ჯაშუში, ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა გამოძიება, ფაქტების, მასალების შეგროვება.

„ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში. რაც შეეხება დამტკიცებას, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გამოძიება, ფაქტების, მასალების შეგროვება, თუმცა შეიძლება ითქვას, არც თუ ისე ცოტა მასალა დაგროვდა, ერთი შეხედვითაც რომ შევხედოთ, ღია წყაროებზე დაყრდნობით. ფაქტობრივად, ეს ხალხი თავის ზრახვებს არ მალავს.

ჯაშუში რა არის? – არის ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც გააჩნია დავალება, რომ იმოქმედოს ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში იმ ხალხზე გვაქვს საუბარი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ – ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები იგულისხმება და რა თქმა უნდა, არის გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების სასარგებლოდ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, თუ რა უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგი, რომლის შექმნაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებების ქმედებების გამოსაძიებლად პარლამენტში იგეგმება.

„ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იგრძნოს, რომ კანონი კანონობს და ისეთი დანაშაულები, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, უპატიებელია. არ შეიძლება, ადამიანებმა მოისხან პოლიტიკური მანტიები – ჟურნალისტის იქნება, მსახიობის თუ ასე შემდეგ და იმოქმედონ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერც სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ვერც სამართლებრივ პროცესს წარვმართავთ“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ასევე იხილეთ