მამუკა მდინარაძე: თუკი დონალდ ტრამპი მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, რასაც საუბრობდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება ძალიან კარგი
„ძირითადი საკითხები, როგორიცაა ოჯახურ ღირებულებებთან, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საერთო აზრი და ის დაპირება, რომ ომი მალე უნდა დასრულდეს, გვაძლევს იმედს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ფარგლებში საქართველო ცოტას ამოისუნთქებს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ვიდრე ბაიდენის წაგებული ადმინისტრაცია კუდს იქნევს ძალიან მავნებლურად, ცვლილებებს არ ელოდება.
„20-ის მერე ვნახოთ. თუკი დონალდ ტრამპი მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, იმას, რასაც ის საუბრობდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი. ის, რომ ლგბტ პროპაგანდასთან და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით ჩვენ საერთო აზრი გაგვაჩნია, ის, რომ ომის დასრულების დაპირება წინასაარჩევნო დაპირება იყო და რაც უფრო მალე დასრულდება ომი, წნეხიდან განთავისუფლდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის ის საკითხები, რაც იმედს გვაძლევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ფარგლებში საქართველო ცოტას ამოისუნთქებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.