მამუკა მდინარაძე: უკრაინელები საკუთარ შვილებს ბევრი არ უშვებდა ომში და პირიქით, ჩვენ მოგვიწოდებდნენ
„უკრაინელები საკუთარ შვილებს ბევრი არ უშვებდა ომში და პირიქით, ჩვენ მოგვიწოდებდნენ. დანილოვი იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და იგი მოგვიწოდებდა, ქალები და ბავშვები შემოგვაშველეთ – ისინი დაიხოცონ ჩვენს ქალებთან და ბავშვებთან ერთადო. ეს რომ არ გავაკეთეთ, ამისთვის დღემდე დასჯის მცდელობა მიდის”, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კულებას მოწოდების კომენტირებისას.
მისი თქმით, ვიდრე ომი არ დამთავრდება, მანამდე ეს რისკი იქნება.
„ამ რისკის გამოსარიცხად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ამავდროულად, ევროპაში პირველები ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამასაც ვახერხებთ და ამავდროულად ჩვენს სამშობლოს დავიცავთ – მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ბევრი ათეული წლის შემდეგ სიამაყით ილაპარაკებს, რომ ერთი აგური დადო ქვეყნის მშენებლობაში, მისი დამოუკიდებლობისთვის.
„ეკონომიკური მაჩვენებელი სწორედ ამ ურთულეს პერიოდში გავზარდეთ ორნიშნა რიცხვამდე. ეს გვაძლევს ჩვენ სიამაყისა და სითამამის საფუძველს და იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ მორალურად მართლები ვართ ჩვენი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის წინაშე. ამას ხვდება ხალხი, გრძნობს და ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.