ლევან მგალობლიშვილი: ახლა მნიშვნელოვანია ამ მოქალაქეების დაბინავება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქიდან ერთი ბავშვია.
როგორც მგალობლიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
„ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი მოქალაქე, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს.
ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
საუბარია სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაზე, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
ასევე ვიმყოფებოდით კლინიკაში, სადაც მკურნალობას გადის 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.