ნანა კაკაბაძე: გარედან წაქეზებული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება დააბრუნებინოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მმართველობაში ყოფნის პერიოდში თავი გამოიჩინეს პატიმართა მასობრივი წამებით, რეკეტით, ტოტალური შიშის დათესვით
“ბოლო თვეებში საქართველოს გარდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშიც ჩატარდა საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ევრობიუროკრატების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა”, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის განცხადება იმის ღია აღიარება იყო, რომ ნეოლიბერალების მიერ საკუთარი ფაშიზმის შესაფუთად გამოყენებული ლოზუნგები – „თავისუფლება“, „კანონის უზენაესობა“, „დემოკრატია“ და ა. შ. მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა.
“ისევ ევროპული ღირებულებების შესახებ „ჩვენ გვინდა თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია“… ეს და სხვა ლამაზი სიტყვები თითქმის ყოველდღე გვესმის „შიგ-ევროპელი“ ქართველებისაგან. ახლა ვნახოთ, როგორ ტრანსფორმირდება ეს სიტყვები საქმეებში.
საბოლოო ჯამში ეს ლამაზი ლოზუნგები ნიშნავს უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მმართველობას და უმცირესობის მიერ უმრავლესობის მხრიდან მიღებული კანონებით ცხოვრებას, შემდეგი არჩევნებისთვის მომზადებას, რათა ოპოზიცია ეცადოს უმრავლესობის მოპოვებით ხელისუფლებაში მოსვლას, რის შემდეგაც შეცვალოს მისთვის მიუღებელი კანონები და გაატაროს საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა. ეს არის დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების ანა-ბანა, რის წინააღმდეგაც ყველაზე აქტიურად ილაშქრებენ ჩვენი ლიბერალ-ფაშისტები და მათი დასავლელი კურატორები.
ისინი პრაქტიკულად უკვე აღარც მალავენ თავიანთი მოქმედების ტაქტიკას. ბოლო თვეებში საქართველოს გარდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშიც ჩატარდა საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ევრობიუროკრატების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ საქართველოში, მოლდოვაში და რუმინეთშიც მათთვის მიუღებელმა პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს, ხოლო გერმანიაში ერთი თვის შემდეგ ჩასატარებელ არჩევნებში ასევე მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებას ელოდებიან ექსპერტები. ევროპელმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ რუმინეთის არჩევნების პირველი ტური ჩაშლილად გამოაცხადებინეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან იქ მათთვის მიუღებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ, რომ ეს კანდიდატი ახლად დანიშნულ არჩევნებში საერთოდ არ დაუშვან, მოლდოვაში ბოლო წუთებამდე აშკარად წაგებული საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლო წუთებში უცბად მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო საქართველოში დღემდე ცდილობენ მიაღწიონ უმრავლესობის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების გაუქმებას.
ამ ყველაფერზე სულ რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა:
„რუმინეთში გავაკეთეთ და საჭიროების შემთხვევაში, გერმანიაშიც გავაკეთებთ“.
ეს იყო ღია აღიარება იმისა, რომ ნეოლიბერალების მიერ საკუთარი ფაშიზმის შესაფუთად გამოყენებული ლოზუნგები – „თავისუფლება“, „კანონის უზენაესობა“, „დემოკრატია“ და ა. შ. მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა და ისინი სწორედაც რომ იმას გააკეთებენ „რასაც საჭიროდ ჩათვლიან“. ამიტომაც მათთვის საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს თუ სხვა ქვეყნის ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას, რადგან რუმინეთში მოახერხეს ამ ნების უგულებელყოფა და საჭიროების შემთხვევაში, „გერმანიაშიც გააკეთებენ“, საქართველოშიც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც.
გარედან წაქეზებული, ხელისუფლებაზე დაგეშილი ჩვენი ოპოზიცია და მათ მიერ ტვინგამორეცხილი ზოგიერთი ახალგაზრდა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძალაუფლება დააბრუნებინოს დასავლური სამყაროს მხრიდან დღესაც „დემოკრატიის შუქურად“ მიჩნეულ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მმართველობაში ყოფნის პერიოდში თავი გამოიჩინეს თავისუფლების შეზღუდვით, პატიმართა მასობრივი წამებებით, კერძო საკუთრების ხელყოფით, რეკეტით, ელიტარული კორუფციით, უკანონო მოსმენებით და მოქალაქეებში ტოტალური შიშის დათესვით, უსამართლო სასამართლო და ა. შ.
კარგი ის არის, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის ნეოლიბერალური ფაშიზმის არსი. ამის მაგალითი ილონ მასკის პოზიციაა, რომელმაც ყოფილი ევროკომისრის ზემოხსენებული სიტყვები შეაფასა, როგორც „ტირანული ქცევა”, – წერს ნანა კაკაბაძე.