top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვაკვირდებოდით დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით ვის აზრს ითვალისწინებს, მათ რიგებში კი ჯო უილსონი არ წერია

“ჩვენ ვაკვირდებოდით დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს, მათ რიგებში კი ჯო უილსონი არ წერია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო უილსონს სუბიექტური მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს.

“არ მგონია, რომ ბატონი ტრამპი ბატონ უილსონს უსმენდეს. ჩვენ ვაკვირდებოდით ბატონი ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვინ არის ტრამპის გარემოცვა და ჩვენ კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს. მათ რიგებში, რომ ჯო უილსონი არ წერია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჯო უილსონი არის პიროვნება, რომელიც პირდაპირ ტელეკომპანია „ფორმულასგან“ ფინანსდება. ძალიან საინტერესო იქნება ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონის გამოქვეყნება ამ წელთან დაკავშირებით, საქართველოდან რა თანხა ჩაერიცხა ბატონ ჯო უილსონს ლობირებისთვის.

ჩვენ წინა წლის მონაცემები ვიხილეთ და კონკრეტულ თანხებზე იყო საუბარი. მისი დილა თენდება იმით, რომ საქართველოზე რაღაც უნდა დაპოსტოს და საქართველოს დღეში შვიდ თუ რვა პოსტს უძღვნის. არ მგონია, საქართველოთი ასე ობიექტურად დაინტერესებული იყოს. ჯო უილსონს სუბიექტური მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს და მისი განცხადებები ჩვენთვის სერიოზულ განხილვის საგანს არ წარმოადგენს. ჰელსინკის კომისიის პირველი სხდომა, რომ ჩანიშნა ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, იქ ბატონი შალვა ნათელაშვილის წერილი წარმოგვიდგინა ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად, შემდეგ ეს წერილი ოქმს დაურთეს, ეს კი მის სერიოზულობაზე მეტყველებს. გააგრძელოს ბატონმა უილსონმა მოღვაწეობა ამ მიმართულებით, ეს ჩვენ ხელს არაფერში არ შეგვიშლის”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საუბრის შესაძლებლობა იქნება.

“ბატონი ტრამპის ინაუგურაცია როდესაც მოხდება, მას ხვდება უამრავი გამოწვევა და უამრავი პრობლემა, რაც სამწუხაროდ, მოქმედმა ადმინისტრაციამ მას მემკვიდრეობით დაუტოვა. არ არსებობს, ფაქტობრივად, მსოფლიოს არც ერთი წერტილი, სადაც დაწყებული კონფლიქტი არ იყოს ან სადღაც პოტენციური კონფლიქტის კერა არ არსებობდეს. მოვა ის დრო და ჩვენ ველოდებით ამ დროს მისივე ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ძალიან ჯანსაღ გარემოში დავსხდეთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და გავიაროთ ის გამოწვევები, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში დგას.

ტრამპის დაპირება უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, გვჯერა, რომ ამას მალევე, პირველივე თვეებში შეძლებს. ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის ძირითადი კომპონენტი და გასაღები იმაშია თუ როდის დასრულდება უკრაინაში ომი. რაც უფრო მალე მოხდება ეს, ყველაფერი მით უფრო მალე გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის ევროკავშირთნ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ