ვლადიმერ ბოჟაძე: ბათუმში რაც მოხდა, პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობა, რომელიც მიუღებელია
“პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ბათუმში გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც ბათუმში მოხდა, დაპირისპირება იყო.
„ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიასთან მიმართებაშიც დაველოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე საქმეზე დაწყებულია. პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა. გუშინ რაც „შერატონში“ მოხდა, დაპირისპირება იყო. ეს იყო ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.
„მოვისმინე ზვიად ქორიძის განცხადება, გახარიას პოსტი გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ და ვიცი მთავარი, რომ დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ძალადობა მიუღებელია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა აუცილებლად უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც არ უნდა ვიყოთ. მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა. ჩემს თანაგუნდელებთან არ მისაუბრია. მეც გამოძიების შედეგებს ველოდები. მოვისმინე ზვიად ქორიძის პოზიცია და დამოკიდებულება, ზვიად ქორიძემ თავად მოჰყვა და თქვა, რომ ფეხებს ურტყამდა მაგიდასო. უფლება არ მაქვს ზვიად ქორიძის სიტყვებში ეჭვი შევიტანო, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველა ერთად გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.