„The Telegraph“: დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავენ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავენ სამშვიდობო მისიით. ამის შესახებ „The Telegraph“ წყაროებზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ ეს, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით პოტენციური შეთანხმების მიღწევის შემდეგ უნდა მოხდეს.
როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ მიდგომას და მან, უკვე განიხილა ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკთან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაუნინგ-სტრიტის და ელისეის სასახლის წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ ეს თემა გასულ კვირას შეხვედრისას იყო განხილული, თუმცა, მოლაპარაკებების დეტალები მაინც დახურული რჩება.
„The Telegraph“-ს ბრიტანეთის მთავრობაში არსებულმა ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა:
„პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რისი მხარდაჭერა შეგვიძლია, რის მხარდაჭერას ვისურვებდით და კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანია იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდნენ ეს ჯარისკაცები და აგრეთვე, ჩაითვლება თუ არა ეს ესკალაციად“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, წინადადება წამოიჭრა ევროპელი ლიდერების დისკუსიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც გარკვეული ზეწოლა მოდის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელიც კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობიან შეთანხმებას უჭერს მხარს.