ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, აქციის ძალადობრივი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სექტორის წევრებთან, ასევე, სახალხო დამცველთან.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს.