top_leaderboard

ლევან თაქთაქიშვილი: დღეს მისთვის უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ და უმაღლესი კლასის მოქანდაკეს, პედაგოგს, მოღვაწეს, მეგობარს, ინტელექტუალს, სანიმუშო მოქალაქეს, ჩვენს მარინა ივანიშვილს!

„ნათელში იყავი, მარინა! მთელი კეთილშობილი თბილისი დაგტირის,  დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო, შენ კი ეს კლასიკური გამოთქმა დაამსხვრიე! შენ დატოვე ანდერძი, რომ სადაც მე დავიმარხები, იქ იქნება პანთეონიო. მშობლებთან ისურვე და ვაკის სასაფლაოს  საკრალურობა შეჰმატე, რადგან იქ იქნება სამუდამოდ დასახლებული მარინა ივანიშვილი“, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.

„დღეს 14 საათზე ქობულეთის ქუჩიდან ვაკის სასაფლაომდე ამქვეყნიურ მისთვის უკანასკნელ  გზაზე გავაცილებთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ და უმაღლესი კლასის მოქანდაკეს, პედაგოგს, მოღვაწეს, მეგობარს, ინტელექტუალს, სანიმუშო მოქალაქეს, ჩვენს მარინა ივანიშვილს! დღეს მინდა ამ პოსტით გავუთენო უკანასკნელი  ღამე მას! მადლობა ვუთხრა ყველაფრისათვის, რაც მე დამანათლა! დიახ! მისი დამსახურებაა ჩემი კოლექციონერობის ჟინი, ჩემი ცოდნა ხელოვნების ისტორიაში, თავისუფალი აზროვნების უნარი, სიყვარული ყოველივე ახლისა და ერთიც – ზიზღი ყოველივე გოიმობისა და ქაჯობისა, მლიქვნელობისა, ფულის მონობისა! განა ეს ცოტაა? ის ჩემი ნათლია არ იყო, მაგრამ ნათლიაზე მეტი დამანათლა 12 წლის ასაკიდან!

დღეს მე მომეცით უფლება, თავისუფლად ვისაუბრო, შესაძლებელია, გაზვიადებულად, მაგრამ ქართლურად, ღირსეულად!

იცით, რა? დღეს ჩვენ ერთ ადამიანს არ ვემშვიდობებით! მასში არ იყო მხოლოდ ერთი პიროვნება! თვითონ მითხრა: მოქანდაკეები  ღმერთისაგან ამ ნიჭით ნაბოძები არიან, ერთი თვალით არ იყურებიან, არც ორით. მათ სამი ხედვა აქვთო. ყველა მოქანდაკე თან მხატვარიცაა, ხოლო ყველა მხატვარი ვერ იქნება მოქანდაკეო. ჩვენ ცხოვრებას რამდენიმე სიბრტყით ვუყურებთო. მე ახლა  დავფიქრდი და ასეა. მარინაში სამი ადამიანი იყო! ე რ თ ი  – ხელოვანი, მხატვარი, მოქანდაკე, დიზაინერი.

მ ე ო რ ე – რევოლუციონერი, გარდამქმნელი, ნოვატორი, მებრძოლი, მედგარი, ჯიუტი, მრისხანეც, ამაყი, თავმოყვარე, მოუსყიდავი და იდეალისტი!

და მ ე ს ა მ ე ც – მწერალი-დეტექტივი!  პუაროსა და მისის მარპლის, ამ ორი გმირის საშუალო არითმეტიკული. მისი ფსევდონიმიც ვუთხრათ საზოგადოებას – ჟანა კოკტოშვილი. ამ ხელმოწერით იბეჭდებოდა 90-იანი წლების გაზეთებში მისი მხატვრული ნაწერები!

მოდით, უფრო მაღლა ავიდეთ! ის თავისი ცხოვრებით ძალიან ჰგავდა გალაკტიონს. ის თავს თვლიდა ქანდაკებაში მეფედ! როცა მას ვახარე, რომ შენ დიმა ერისთავს შეგადარეს და თქვეს, რომ კაცებში დიმა ერისთავია სხეულის უბადლოდ  მცოდნე და ქალებში შენო, მან მომახალა -ჩემზე ძლიერები იყვნენ ბევრი, მაგრამ ისინი აღარ არიან, ცოცხლებში ყველაზე მაგარი მოქანდაკეთაგან მე ვარო, რა დიმა, რის დიმაო! შენ წარმოდგენა არ გაქვს, რა ძნელია მათთვის, ვისაც აბსოლუტური სმენა აქვს, უსმინოს ამ სიმღერებს რადიოში ან ტელევიზიაში და ასევე ჩემთვის გამოფენებზე თანამედროვე მოქანდაკეთა კიჩების ყურებაო. ეს ხალხი ძეგლს აფასებს სიმრგვალეებით, იმიტომ, რომ ტრაკები არიან. მთავარია კუნთი, მოძრაობა, სიცოცხლე, ძალა!

მე მინახავს მარინა, როცა თავის ნამუშევრებს ანადგურებდა. ის რომ დაამთავრებდა ნამუშევრის დახატვას, გადადებდა რამდენიმე ხანი და მერე რომ ნახავდა, თუ მოეწონებოდა, ხელს მოაწერდა, თუ არ მოაწერდა, უმეტესად ხევდა!

ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთ-ერთი ჩემი საღამოს სტუმრობისას – 1995 წელს –

მან ლეონარდოზე მესაუბრა!

იცით, რა საინტერესო ლექცია ჰქონდა? აქ არ ღირს ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი, რომ ამ ლექციაზე მან მომიყვა მის რაღაც დადგენილ პროპორციაზე ადამიანის სახისა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია აღადგინო სახის ნაწილიდან დანარჩენი ნაწილი. მე ეს ძალზე გამიხარდა, რადგან მაშინ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახის შესახებ გამოკვლევებს ვეცნობოდი და გრიშაშვილის არქივში ვნახე, რომ თურმე ნიკ. ბარათაშვილი იმდენად ჰგავდა თავის დას სოფიოს, რომ თუ მას ულვაშებს გავუკეთებთ და კოსტუმს ჩავაცმევთ, ნიკოლოზი იქნებაო. მე მქონდა პოეტის ამ დის – სოფიოს პორტრეტები ჩიხტიკოპით, ლეონარდოს მიხედვით, ამ ჩიხტიკოპით დაფარული თავის ზომები აღდგენადი ყოფილა. მე ჩამოვუგდე ლაპარაკი ამ თემაზე, ბარათაშვილიც ვუხსენე, მისი პორტრეტის აღდგენაც. ვაი, რაც მაგას ნერვები მოეშალა, მიადგა გუდიაშვილს, ეს როგორ იკადრაო, როგორ დახატაო. ქობულაძემ არ იკადრაო.ლამაზი უნდოდათ გამოეყვანათო, ეს რას ნიშნავსო? მაშ ვინც ფიზიკურად არაა ბელვედერი, სულით ლამაზი ვერ იქნებაო? ასეთი ბარათაშვილი , როგორიც გუდიაშვილისაა, შეუძლებელი იქნებოდა, ყოფილიყოო. მივხვდი, რომ თემა უნდა შემეცვალა.

გავიდა ერთი წელი და მარინას უჩივლეს მეზობლებმა – 12 ძაღლი ჰყავს და სადარბაზოში ერთად რომ ჩამორბიან, გვამტვრევენო. პრობლემები შეუქმნეს იმ ოჯახებმაც, თვითონ რომ მიუყვანეს პატარა ლეკვები, უშველე, მარინაო. 12 ძაღლიდან 11 უჯიშო იყო, მაგრამ მარინა ადამიანებს ვერ იტანდა უჯიშოს, ძაღლები მისთვის ერთი იყო, უჯიშოცა და ჯიშიანიც. მთხოვა დახმარება – ერთი დავუბინავე სოფელ დიღომში და რამდენიმე დღეში მირეკავს – წამო, მანახე, მგონი მოკლესო. წავედი და მართლა მოუკლავთ პოლიციელებს. არ მოვუკალი გული და არ ვუთხარი, მაგრამ ალბათ მიხვდა. ბოლოს მერიაში დაიბარეს და რომ მოვიდა, რამდენიმე დღე აღარ იღებდა ყურმილს. შაბათი დღე მოვიდა და უნდა დაერეკა – შაბათობით მირეკავდა ყოველთვის. არ დარეკა. კვირას დარეკა – ჩუმი ხმით – ამოდიო. ავედი და რას ვხედავ – ზალაში ერთმანეთის გვერდით წევს  10 ძაღლის გვამი. მოუწვევია თბილისში ყველაზე მეძვირე და პროფესიონალი ვეტერინარი და ნარკოტიკით, რომელშიც მას გადაუხადა 300 დოლარი, დააძინა 10 ძაღლი, დაიტოვა მხოლოდ ორი. მეუბნება – უნდა დამამარხინოო. ეზოში გარაჟების უკან გავთხარე დიდი ორმო და გარაჟის პატრონი დამადგა – მოაშორე აქიდანო. არადა, უზარმაზარი ორმო მქონდა ამოთხრილი, დამენანა და შევეკამათე. წავიდა და პოლიციაში დარეკა. რომ მომადგა პოლიცია, გავკურცხლე და 2 დასამარხად გამზადებული ძაღლით გატენილი ჩანთით მარინასთან ავედი. აივნიდან ვიყურებოდი, სანამ არ წავიდნენ პოლიციელები.

შუაღამისას იპოდრომზე წავედით, მაგრამ მიწა იყო ქვა და რკინა – გვალვები იყო. ამ ბარს წვერი მოეღუნა, ბოლოს ტარიც გატყდა. ოპერაცია მეორე დღეს გადავდეთ.  მეორე დღეს რომ ავედი, ძაღლები გაბერილები და გაფშეკილები იყვნენ. მარინა ტახტში იჯდა და ტიროდა! მაშინ ვნახე მარინა ცხოვრებაში პირველად ცრემლებით. გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდენოდა, ამ მდგომარეობიდან გამომეყვანა. ჰოდა, იოსებიძის ქუჩაზე, სადაც კინოთეატრი „გაზაფხული“ იყო, მრავალსართულიანი კორპუსის შავი კარკასი იყო აშენებული. დაბლა, პირველ სართულზე მიწის სამუშაოები მიდიოდა, შენობის კედელსა და ორმოს კედელს შორის უზარმაზარი ნაპრალი იყო, წამოვიღე 4 ჩანთით ათივე მკვდარი ძაღლი და ჩანთებიანად ამ ნაპრალში ჩავყარე, იქ „პრარაბს“ 30 ლარი ვაჩუქე და ტრაქტორით მიწაც მოაყარა ამ ნაპრალს.

ერთ კვირაში მარინა მირეკავს – ძაღლების საფლავთან მიმიყვანეო. ხო, მართლა, მან მთხოვა, რომ დამარხავ, მონიშნე ადგილი ისე, რომ ადვილად ვიპოვნოო.

ვაი, შენს ლევანს! მივიყვანე. შენობის შესასვლელია და ქვაც დაუგიათ. აქაა-მეთქი!

სად?! აი, აქ-მეთქი. შესასვლელში პირდაპირ! გაოგნდა! – აქ? აქ რა უნდა?

– მარინა! …. მივმართე და შევხედე…. – რა! საქართველოს უდიდესი მეფეა გელათის შესასვლელში და შენი ძაღლებისთვის გრეხია?

ვეუბნები და თვალებით მიწას დავხედე!

წამოვედით.

ერთ კვირაში მირეკავს – ამოდიო. ავედი და მეუბნება: სიზმარში ვნახე ძაღლები, კარგად არიან! ამოვისუნთქე და მაშინ გადავწყვიტე: მარინასთვის დამეხატებინა ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი. მას რომ სცოდნოდა, არ დახატავდა.

ვეუბნები:  მარინა, ჩემი მეგობარი მუშაობს ერთი უცხოელი მოღვაწის ბიოგრაფიაზე. მისი ფოტო არსებობს, მაგრამ აქვთ ეჭვი, რომ მისი არაა. იციან, რომ მის დას ჰგავდა, ისე, რომ ულვაშები რომ გაეკეთებინათ და კოსტუმი ჩაეცვათ, ამ მოღვაწის ალიკვალს მიიღებდნენ. ამ ქალის სახე მაქვს, რომ გავაკეთოთ მისი ძმის სურათი, მერე იმ საეჭვო სურათსაც მოგიტან და ვნახოთ, რამდენად დაამსგავსე. ჯერ გააკეთე დის სურათისაგან და მერე იმ ფოტოსაც განახებ!

მარინა დაინტერესდა. მე ამოვბეჭდე სოფიო ბარათაშვილის სახე და რამდენიმე დღეში სახლში მირეკავს მარინა: გავაკეთე და ჩინელს ჰგავსო!

ასეც უნდა ყოფილიყო. აბა გავიხსენოთ იონა მეუნარგია, ის ასე წერდა.  წამოვიღე ნახატი  მეორე დღეს გუდიაშვილის ბარათაშვილით ავედი – აი, ამ კაცის  რეალური პორტრეტი გააკეთე-მეთქი. განერვიულდა! მომიტანე, უნდა დავხიოო. არსად არ გამოაქვეყნოო, მე ვეხვეწე, კაიო, მაგრამ არსად არ დააწერო , რომ ჩემიაო. გაზეთ „კალმასობაში“ გამოვაქვეყნე, ნახატს საყელოზე დავაწერე მარინას ინიციალები მ.ი. მარჯვივ კი ჩემი! გადაბეჭდეს სხვებმაც. 2003 წელს მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა ამ სახეს მოურგო ტანსაცმელი, ანუ „ჩააცვა“ და მარინას ბარათაშვილი ყველაზე პოპულარულად იქცა! მარინამაც ამაყად განაცხადა ერთ ინტერვიუში.

დღეს მის დაკრძალვაზე მივდივარ და მისი ბარათაშვილიც დაემშვიდობება თავის მშობელს. ის უკვდავი დარჩება ჩემი და მარინას მეგობრობის  უკვდავსაყოფად!

ნათელში იყავი, მარინა! მთელი კეთილშობილი თბილისი დაგტირის,  დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო, შენ კი ეს კლასიკური გამოთქმა დაამსხვრიე! შენ დატოვე ანდერძი, რომ სადაც მე დავიმარხები, იქ იქნება პანთეონიო. მშობლებთან ისურვე და ვაკის სასაფლაოს  საკრალურობა შეჰმატე, რადგან იქ იქნება სამუდამოდ დასახლებული მარინა ივანიშვილი“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

ასევე იხილეთ