ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი კიევში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდა. მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც თავდაცვითი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას არასამხედრო სფეროებში ეხება, – იუწყება „The Guirdian“.
გამოცემის ინფორმაციით, სტარმერი შესთავაზებს კიევს დამატებით სამხედრო დახმარებას, იმ ფონზე, როდესაც ეს დახმარება, შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან შემცირდეს.
„The Guirdian“-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, რომელიც 20 იანვარს შეუდგება აშშ-ს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას, ხშირად იმეორებდა, რომ სწრაფად დაასრულებდა ომს უკრაინაში. იგეგმება მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამ საკითხის განსახილველად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, გააგრძელონ გრძელვადიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, სტარმერი ზელენსკისთან განიხილავს, რა სახის უსაფრთხოების გარანტიები შეუძლია შესთავაზოს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, მათ შორისაა ბრიტანული ჯარების ჩართვა ომისშემდგომი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში.
„პუტინის მცდელობა მოჰგლიჯოს უკრაინა მის უახლოეს პარტნიორებს, დიდ სტრატეგიულ მარცხად იქცა. ამის მაგივრად, ჩვენ უფრო დავახლოვდით, ვიდრე ოდესმე და ეს პარტნიორობა ჩვენ მეგობრობის ახალ ეტაპზე აგვიყვანს“, – განაცხადა სტარმერმა.
სტარმერის ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ შედგა, რაც კირ სტარმერმა უკრაინაში შექმნილი ვითარება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა, რომელმაც დასავლელი ლიდერებიდან პირველმა განაცხადა უკრაინაში მოკავშირეების კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ.