„ქართულ საზოგადოებაზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ მათ, ვინც ე.წ. იფიცებიან. გაფიცვა ნიშნავს, რომ გაიფიცები და არ იმუშავებ, ვიდრე არ დაგიკმაყოფილებენ შენს მოთხოვნებს. ხუთწუთიანი და ერთსაათიანი გაფიცვა შესვენებაა, ვის ატყუებენ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ე.წ. გაფიცვა ჩავარდა.
„გაიფიცონ, მარკეტები იქნება თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება, გაიფიცონ. კარგად იციან, ეკონომიკაში ისეთი პრინციპია, რომ შემდეგ შეივსება სხვა მარკეტებითა და სხვა შემსყიდველებით. შენ რომ 5 წუთით გასეირნება გინდა და ერთსაათიანი შესვენება გინდა გამოაცხადო, ამას გაფიცვად ვინ ჩაგითვლის. შესაბამისად, ამას ხედავს საქართველოს საზოგადოება. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არგუმენტგამოცლილია ის საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ დარჩენილი აქვს ისეთი დრო, როდესაც მაგალითად, უცხოურ ძალებს ჩამოეკიდება.
უკვე თავად უცხოეთშია გადაწყვეტილება მიღებული, რომ რამდენიმე დღეში ამერიკაში მოდის ის ადმინისტრაცია – და ევროკავშირშიც იქნება ცვლილებები – რომელიც ამბობს, რომ პარტნიორული ურთიერთობაა საჭირო და ამბობს, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ეს ე.წ. გაფიცვა ჩავარდნილია და არასდროს ექნება ეფექტი, როდესაც წავა საკუთარი ქვეყნის და ხალხის გადაწყვეტილების წინააღმდეგ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.