მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდებიან სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს
„ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად”, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარი ჩარევის მცდელობები, როგორ წესი, ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მომდინარეობს სხვადასხვა სახის ჩარევებისგან“, – დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობასთან მიმართებით აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც „მიმართული არის და იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაძლებლობების უკეთ, პოზიტიურად გამოყენებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ სარგებლიანები ჩვენი ხალხებისა და უფრო ფართო რეგიონისთვის“.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და მხარში დგომის არაჩვეულებრივი ისტორია აქვთ.