ფაბიო რავეცანი: ჯერ კიდევ ნამდვილად არსებობს ვიღაც, ვისაც სჯერა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვალდებულია, დარჩეს ნეაპოლში, რომში, მილანში ან ტურინში წმინდა სიყვარულისთვის და ბევრად ნაკლები გამოიმუშაოს?
„პპარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა ძალიან მძიმედ მიიღეს, ისინი ქართველ ფეხბურთელს ღალატში ადანაშაულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ში კვარას ხელფასი ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე „ნაპოლიში“, ნეაპოლში უმეტესობა ფიქრობს, რომ კვარამ გუნდს უღალატა.
ქართველის მიმართ კრიტიკას იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო რავეცანი გამოეხმაურა, რომელსაც ხსენებული ხალხის პოზიცია უკვირს. რავეცანის აზრით, თანამედროვე ფეხბურთში არავინაა ვალდებული რომელიმე გუნდს მთელი კარიერა შესწიროს, მით უფრო, უცხოელმა.
„კი, მაგრამ ჯერ კიდევ ნამდვილად არსებობს ვიღაც, ვისაც სჯერა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი (თანაც, უცხოელი), ვალდებულია დარჩეს ნეაპოლში, რომში, მილანში ან ტურინში წმინდა სიყვარულისთვის და ბევრად ნაკლები გამოიმუშაოს? ნუთუ, ამ ადამიანებმა 40 წლის შემდეგაც ვერაფერი ისწავლეს?“, – დაწერა რავეცანიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.