უნგრეთის პრემიერის პრესმდივანი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორბანი მიწვეული იყო 20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში არ გაემგზავრება. ამის ნაცვლად, იმავე დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.
ორბანის პრესმდივნის, ბერტალან ჰავასის განცხადებით, ორბანის გამოსვლა ფოკუსირებული იქნება ქვეყნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, რომელსაც უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2025 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა.