top_leaderboard

ლევან მახაშვილი: ივანიშვილი იყო, არის და დარჩება მშვიდობის ერთ-ერთი გარანტი

“არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც ბიძინა ივანიშვილს აიძულებს, ქვეყანამ შეიცვალოს მშვიდობის პოლიტიკა, შევიდეს რაიმე ტიპის ესკალაციაში”,  – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტი დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივას ეხება.

მახაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირზე ზეწოლითა და გავლენის მოხდენით საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ცდილობენ.

„დიდი ბრიტანეთის ცალკეული პარლამენტარების მცდელობა სწორედ ამაზე მიუთითებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმაც არაერთხელ ახსენა და განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ბერკეტი, ზეწოლის რაიმე ინსტრუმენტი, რომელიც მას შეაცვლევინებს პოზიციას და საქართველოს ძალით თუ სხვა საშუალებებით უბიძგებს ომისკენ, არასტაბილურობისკენ. მან ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა. ჩვენც დარწმუნებული ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და დარჩება საქართველოში მშვიდობის ერთ-ერთი გარანტი, თუმცა მცდელობები კვლავ გაგრძელდება. შეიძლება, დღეს დიდი ბრიტანეთია და ხვალ სხვა სახელმწიფო იყოს. ცალკეული ძალები, ცალკეული პირები, პოლიტიკოსები და ცალკეული ინსტიტუტები მასზე ზეწოლას გააგრძელებენ, რათა პოზიცია შეიცვალოს, თუმცა მისი და ჩვენი პოზიციაც მკაფიოა, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც მას აიძულებს, ქვეყანამ შეიცვალოს მშვიდობის პოლიტიკა, შევიდეს რაიმე ტიპის ესკალაციაში, დაძაბულობაში. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, სადაც კონკრეტული მტკიცებულებებით იყო განმტკიცებული სანქციების პოლიტიკა. ამჟამადაც იგივე ვითარებაა. სამწუხაროდ , დიდი ხანია, აღარ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ვინმე რაიმეს საუბრობდეს და თავის სიტყვებს მტკიცებულებებით ამაგრებდეს. სამწუხაროდ, სიტყვებმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა და ყველაფერი პროპაგანდისტულ საინფორმაციო ომამდე დადის. ამის ნაწილია ის ძალები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პოლიტიკის გატარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ესენი იქნებიან ცალკეული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, თუ რომელიმე ინსტიტუცია, რომლის უკანაც დგანან და ეფარებიან ხოლმე ამ ინსტიტუტებს. ამჟამადაც იგივე ვითარებაა. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაიმე ტიპის მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი, ისევე როგორც სხვა შემთხვევაში. არაერთხელ მოვითხოვეთ კონკრეტული მტკიცებულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება თუნდაც ამ პირებისადმი, მაგრამ ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც ამჯერად გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი ბრიტანეთი თავის პოზიციას რაიმე კონკრეტული მტკიცებულებით გაამაგრებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე იხილეთ