top_leaderboard

ლევან მახაშვილი სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაზე: მას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ნამდვილად ხალხმა უნდა აიღოს თავის ხელისუფლებაზე და თავის თავზე კონტროლი

“2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგი არის სწორედ ის, რომ მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ არა ვიღაცის მიერ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა იმართებოდეს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.

“მე პირადად მას აბსოლუტურად ვეთანხმები იმ განცხადებაში, რომ ნამდვილად ხალხმა უნდა აიღოს თავის ხელისუფლებაზე და თავის თავზე კონტროლი. სწორედ, ეს იყო 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგი, როდესაც მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ არა ვიღაცის მიერ უნდა იმართებოდეს, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა იმართებოდეს. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ნამდვილ საერთაშორისო მეგობარს საქართველოსი და ჩვენ არაერთხელ ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ მათი უსაფრთხოებისთვის, მათივე მშვიდობისთვის, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის არსებობა-არარსებობას, მე მგონი, არავინ დაგვძრახავს თუ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი. თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, შეუძლია ცივი წყალი დალიოს”, – განაცხადა მახაშვილმა.

სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „ამერიკის ხმასთან” აფასებს და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია. ის იმედს, გამოთქვამს, რომ საქართველოში კონტროლს ხალხი აიღებს, თუმცა აღარ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამაში. სახელისუფლებო გუნდიდან სენატორს შეახსენეს, რომ ხალხმა არჩევანი 26 ოქტომბერს უკვე გააკეთა და სწორედ, ხალხის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა”.

ასევე იხილეთ