top_leaderboard

ამირან სალუქვაძე: ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში სამართლიან დამოკიდებულებას ველოდები, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ

ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში სამართლიან დამოკიდებულებას ველოდები, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, – განაცხადა ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, აფხაზეთში ომის შემდე, 1994 წლიდან, რაც ქვეყანა აშშ-თან და NATO-სთან პარტნიორობს, საქართველო ისეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს, როგორსაც ბოლო პერიოდში საზოგადოება ხედავს და ეს დაუშვებელია.

„პრეტენზიები, რაც არის არჩევნებთან დაკავშირებით – ასე სანქციებით, განცხადებებით, გარკვეული დაინტერესებული ჯგუფებით, ასე არ ხდება. აქ საუბარი არ არის პოლიტიკურ გემოვნებაზე – ვის რა და ვის ვინ მოსწონს. მსგავსი პრეტენზიები უნდა განიხილებოდეს კონკრეტული ფაქტებით. პირველი, რომელ ორგანიზაციასაც უნდა ეყრდნობოდნენ ჩვენი პარტნიორები, ეს არის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და მისი შეფასებები და არა სხვა ვინმესი. არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, არის საზოგადოება, ამომრჩეველი და მისი ნება, რომელიც არჩევნებზე იყო გამოხატული და არის ერთადერთი ავტორიტეტული, სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის ავტორიტეტის შელახვა არ მგონია, რომ დასავლეთის ინტერესებში იყოს. იქ წერია ერთი და განცხადებები გვესმის მეორე. ამიტომ, მხოლოდ ამ შეფასებების ჭრილში შეიძლება, იყოს განხილული პრეტენზიები არჩევნებთან მიმართებაში“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მყისიერად არაფერი შეიცვლება, თუმცა იგი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში სამართლიან დამოკიდებულებას ელოდება, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ.

„პატარა ერი ვართ და არ გვაქვს დიდი რესურსები, ყოველმხრივ რესურსს ვგულისხმობ, არც მოსახლეობითა და ტერიტორიით ვართ დიდი, მაგრამ გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა, ვიმყოფებით ჩვენს ისტორიულ ადგილას, ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით საიმედო პარტნიორი, თუ მათ სურთ, რომ ჩვენ ვიყოთ მათი პარტნიორი. ამას ვიმსახურებთ ჩვენ, ამ დამოკიდებულებას ველოდები. შემთხვევით არ ვახსენე ჩვენი ისტორია – ნუ მოგვახვევენ თავზე იმას, რისი მოხვევაც ჩვენ არ გვსურს, სხვა მხრივ ომშიც გავყევით, ცეცხლშიც და უბედურებაშიც, კონკრეტულად აშშ-ს და არა რომელიმე სხვა ქვეყანას, როდესაც ვიყავით ერაყში, აფრიკაში, თავისთავად ავღანეთში და უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ. ამას ჩვენ არავის ვამადლით. უბრალოდ, ჩვენ ვართ ღირსეული, საიმედო პარტნიორი“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

ასევე იხილეთ