top_leaderboard

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება.

ნეთანიაჰუს თქმით, როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისე არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელს საბრძოლო მოქმედებების განახლებაში, შეთანხმების მეორე ფაზის შედეგებიდან გამომდინარე.

„შეთანხმება არის ისრაელის თანამშრომლობის შედეგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან. მისი არჩევისთანავე პრეზიდენტმა ტრამპი მძევლების გათავისუფლების ვალდებულება აიღო. მან დამირეკა, მიესალმა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პირველი ეტაპი არის დროებითი ზავი. სწორედ ასე თქვა მან: დროებითი ზავი. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ისე პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის უფლებას, დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს თუ ისრაელი მივა დასკვნამდე, რომ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები უშედეგოა. მე ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება ბრძოლის განახლება, ისრაელი ამას გააკეთებს ახალი მეთოდებითა და ძალით.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად; მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს; მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზის რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს, და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები.

ასევე იხილეთ