კოტე ჟღენტი: უნდა ველოდოთ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ას დღეს
„პირველ რიგში, უნდა ველოდოთ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ას დღეს. ეს აპრობირებული მოლოდინია არა მხოლოდ ტრამპის, არამედ ყველა პრეზიდენტის. საქმიანობის დასაწყისი ფასდება ხოლმე პირველი ასი დღით. რა დაპირებები იყო საარჩევნო კამპანიის დროს და პრაქტიკულად რისი გაკეთება მოხერხდა იმ დაპირებებიდან პირველი ასი დღის განმავლობაში. ეს ეხება ყველაფერს ამერიკის შიდა პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკასაც”, – განაცხადა დიპლომატმა, კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ, როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა ახალი პრეზიდენტის პირობებში.
„ამ თვალსაზრისით უნდა ვნახოთ რისი გაკეთება მოხერხდება პირველი ასი დღის განმავლობაში, უკრაინაში ომის დამთავრების თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური საკითხია და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი არის, პუტინის და ტრამპის ურთიერთობის საკითხი არის. ბატონი ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებები გვახსოვს, რომლებიც საკმაოდ განსხვავდება წინა განცხადებებისგან და ამას უკვე მიაქციეს ყურადღება ყველგან თვითონ უკრაინაშიც, ევროპაშიც და აშშ-ც. დიპლომატიურად რომ ვთქვათ შერბილებული განცხადებებია და ცოტა სხვანაირად, რომ ვთქვათ ზოგიერთი განცხადება საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის ზელენსკის ძველ განცხადებებთან, ამიტომ ეს საკითხები ადვილი გადასაჭრელი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ჟღენტმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რას დათმობს უკრაინა რუსეთთან და, პირიქით, რუსეთი რას მოითხოვს იმისთვის, რომ ომი შეწყდეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწეროს ხელი. ეს გამოჩნდება ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში, აღნიშნა ჟღენტმა.
დიპლომატმა ასევე ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტრამპის მომხრეები და ასევე საერთაშორისო საზოგადოება კმაყოფილებით შეხვდნენ მის სატელეფონო საუბარს ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან.
„ორ სუპერძალას შორის, ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტს და ღმერთმა დაიფაროს კიდევ ამ კონფლიქტის გამწვავებას, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ჯობია ყოველთვის. თუკი მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ პრობლემებზე, რომლებიც არა მხოლოდ მათ ეკუთვნით და ეხებათ ამას რა ჯობია“ – განაცხადა ჟღენტმა.
მისი თქმით, ტრამპის საინაუგურაციო მოხსენებაში იყო რამდენიმე მომენტი, რომელიც ჩინეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს არის – ტარიფების პოლიტიკა უცხოურ საქონელზე, ელექტრომობილების წარმოების გაზრდა, როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში აშშ-ში ყველაზე მეტად ჩინური ელექტრომობილები იყიდებოდა, პანამის არხისა და ენერგეტიკის თემა და ა.შ.
„ამიტომ მთლად ასე არ არის საქმე, რომ შეიძლება ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყუროთ ამ ურთიერთობებში. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ წინასაარჩევნო განცხადებებს ჩინეთთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ის ნაბიჯი უკვე, თვითონ ის სატელეფონო ზარი, საუბარი ორ ამხელო სახელმწიფო ლიდერს შორის და იმის სურვილი, რომ თანამშრომლობით გადაიჭრას საკითხები რა მწვავეც არ უნდა იყოს ისინი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჟღენტმა.
ჟღენტის განცხადებით გარკვეული ამერიკული გამოცემები სთავაზობენ ტრამპს, რომ ის ნიქსონის დროინდელ პოლიტიკას დაუბრუნდეს – ეს არის საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებადობის პოლიტიკა.
„გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მე შენ რაღაცას დაგითმობ და სამაგიეროდ შენც მითმობ რაღაცას, და ამას საუბრობენ არამარტო ჩინეთთან ურთიერთობაში, არამედ ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობაშიც იმიტომ, რომ აქ ენერგეტიკაზეა ძირითადად საუბარი, რუსულ ენერგომატარებლებზე და იქ ნათქვამია, რომ იქნება ტრამპის ადმინისტრაციამ დააყენოს სანქციების გაუქმების საკითხი, რომლებიც ახლა ვრცელდება რუსულ ენერგომატარებლებზე და რომლითაც ზარალდება ევროპა, და რუსეთმა რაღაცები დათმოს მაგალითად უკრაინასთან ომის მიმართებაში. თუ ეს დაკავშირებადობის დიპლომატია ამუშავდა შედეგები შეიძლება იყოს“, – აღნიშნა ჟღენტმა.