top_leaderboard

ირაკლი რუხაძე: ელჩებთან შეხვედრაზე გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მიუკერძოებელი ვარ

„ელჩებთან შეხვედრაზე გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ის ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მე მიუკერძოებელი ვარ, იმიტომ ვაფინანსებ „მთავარ არხს“, რომ ლამაზი, მრავალფეროვანი სამყარო ანახოს ქართველ მაყურებელს”, – განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

„მე თვითონ დავდივარ შეხვედრები როცა არის ელჩებთან, სადამკვირვებლო მისიებთან. რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ თურმე იწვევენ მარტო ოპოზიციურ მედიასო, პირველად ასეთ შეხვედრაზე შემთხვევით მოვხვდი. ვიღაცამ მითხრა ჩეხეთის საელჩოში ელჩები მედიას ხვდებიანო, ვიკითხე ჩვენთან და მოწვეულები არ ვართო, გვერდით არის ჩემს ოფისთან, გადავედი და ვუთხარი, რომ „იმედის“ წარმომადგენელი ვიყავი და ვკითხე, რატომ არ დამიძახეს. რომ შევედი, 8 ტელევიზია ჰყავდათ მიწვეული და ძალიან შეცბნენ. ამის მერე მპატიჟებენ, მაგრამ ახლა რომ მივიდე, ისევ იგივე სიტუაცია იქნება. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე მარტო, იქ არ იქნება „პოსტივი“, არ იქნება „რუსთავი2“, არ იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, იჯდება 8 ტელევიზია, საიდანაც 4 სახელი გაგონილი არ მექნება.

„ჩაიხანა ტვ“ გვეჯდა გვერდით, რომელიც ლაპარაკობდა ქართული მედიის სახელით, ელჩებს ანახებენ, რომ ვითომ ეს არის მედია. მერე ეს რვავე ტელევიზია უყვება, რომ თურმე რა საშინელებაა, როგორ ეშინიათ, რომ ჩვენთან როგორ არის მედია დაჩაგრული, რომ ჩვენთან თითქოს სიტყვის თავისუფლება არ არის, უყვებიან ზღაპრებს. ამიტომ მე დავდივარ და ვეუბნები, რომ რატომ მოგყავთ ეს ბავშვები, მოიყვანეთ გიორგი თარგამაძე, მფლობელები, მაშინ ასე ვერ ილაპარაკებდნენ.

გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ის ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მე მიუკერძოებელი ვარ, იმიტომ ვაფინანსებ „მთავარ არხს“, რომ ლამაზი, მრავალფეროვანი სამყარო ანახოს ქართველ მაყურებელს.

ნიკა გვარამია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი აქტორია პოლიტიკური პარტიის, არ დაუჯერებენ მას, რომ ჩემთვის სულ ერთია „ოცნებას“ ვანახებ თუ ჩემს პარტიას კარგად. მერე იქეთ იჯდებოდა კეზერაშვილი, რომელსაც საერთოდ რად უნდა ტელევიზია. ამიტომ დავდივარ მე, რომ მე მოვყვები, რაში მინდა ტელევიზია“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ასევე იხილეთ