კარლო ანჩელოტი: მადრიდის „რეალიდან“ ჩემი წასვლის თარიღი განსაზღვრული არაა
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩის წინ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
იტალიელი სპეციალისტი გამოეხმაურა ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის „სამეფო კლუბს“ სეზონის ბოლოს დატოვებს.
ანჩელოტის განმარტებით, ეს მხოლოდ ჭორია და მან არ იცის, როდის დატოვებს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას.
„აქ ყველაფერი ძალიან მიყვარს. ხანდახან ჩემ შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა არ მსურს, ამაზე ყურადღება გავამახვილო. მინდა, მხოლოდ ჩემი დაიჯეროთ. მადრიდის „რეალიდან“ ჩემი წასვლის თარიღი განსაზღვრული არაა. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუმცა ახლა ჩემი მიზანი აქ ყონაა“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
იტალიელის გაწვრთნილი მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში 20 ტურის შემდეგ 46 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მე-20 პოზიციას იკავებს. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეშვიდე ტურში ესპანური გრანდი „ზალცბურგს“ შეხვდება, ხოლო ბოლო, მერვე ტურში „ბრესტს“ დაუპირისპირდება.