top_leaderboard

ლაშა ნადარეიშვილი: „DEEP STATE”-ს უკეთ გაგებისთვის!

ვამხილოთ ფარული დასი!

ვამხილოთ DEEP STATE!

ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს”, ან „დიფ სთეითი” გაანადგურებს ამერიკას

ბოლო ხანებში ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში უაღრესად პოპულარული გახდა არაფორმალური, ასე ვთქვათ, ფარული მმართველობის აღმნიშვნელი ტერმინი Deep State (დიფ სთეითი), რომელსაც სიღრმისეულ სახელმწიფოდ ან ჩრდილოვან სახელმწიფოდ თარგმნიან (Deep — ღრმა, State — სახელმწიფო), მსგავსად რუსული გაუგებარი კომპოზიტისა дип стейт — глубинное государство და უკრაინული ტერმინისა Глибинна держава. ტერმინს აქვს თურქული ძირებიც derin devlet, რაც ისევ და ისევ ჩრდილოვან სახელმწიფოზე, ანუ დიფ სთეითზე მიანიშნებს. სხვათაშორის, დონალდ ტრამპი პირველი საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებსაც საბოტაჟში სდებდა ბრალს, დიფ სთეითის წევრებადაც მოიხსენიებდა. მის მიერვე გამოიცა განკარგულება არასასურველი საჯარო მოხელეების გათავისუფლებისა და სასურველი კადრების დანიშვნის შესახებ, რომელიც ბაიდენმა გააუქმა. ბიუროკრატიის მიმართ არსებული გულისწყრომის საფუძველზე 2023 წელს ტრამპმა წარმოადგინა 10-პუნქტიანი გეგმა „დიფ სთეითის” დასაშლელად და ძალაუფლების ხალხისათვის დასაბრუნებლად, რაც ბაიდენის მიერ გაუქმებული მისი განკარგულების აღდგენას ითვალისწინებდა. გამოდის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გლობალური ომის პარტია ჩაანაცვლა ტრამპისათვის უფრო გასაგები ტერმინით Deep State.

უკრაინული ვიკიპედიის ცნობით, დიფ სთეითი ანუ Глибинна держава (გლიბინნა დერჟავა) წარმოადგენს პოლიტოლოგიურ კონცეფციას, რომლის თანახმადაც აშშ-ში არსებობს სახელმწიფო მოხელეთა კოორდინირებული ჯგუფი ან ჯგუფები, რომლებიც არ ყოფილან არჩეულნი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გავლენას ახდენენ სახელმწიფო პოლიტიკაზე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების არსებობის პირობებშიც კი.

აღნიშნული ტერმინი, რომელიც თავდაპირველად გამოიყენებოდა ჩრდილოვანი მთავრობების მოსახსენებლად თურქეთსა და პოსტსაბჭოთა რუსეთში, დამკვიდრდა აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული იმ სახელმწიფო ინსტიტუტების აღსანიშნავად, რომლებსაც გააჩნდათ ძალაუფლება, მაგრამ არ წარმოადგენდნენ უცილობელი შეთქმულების მაპროვოცირებელ ძალას.

დონალდ ტრამპის მომხრეებმა აღნიშნული ტერმინი გამოიყენეს დაზვერვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ თანამშრომელთა და თანამდებობის პირთა მისამართით, რომლებიც გავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სხვა არხებით გაჟონილი ინფორმაციების საფუძველზე. ეჭვი მათი მხრიდან მანიპულირების მცდელობებთან დაკავშირებით განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტისა” და „ნიუ-იორკ ტაიმსის” ფურცლებზე ჩინოვნიკების მხრიდან გაჟღერდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის მაიკლ ფლინის გადადგომის მოთხოვნა.

ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, „დიფ სთეითი” ლახავდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ავტორიტეტს. ტრამპის ზოგიერთი მოკავშირე და მემარჯვენე საინფორმაციო საშუალება ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოორდინაციას უწევდა „დიფ სთეითს” მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, მათ შორის, მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის გზით.

წიგნში „სახელმწიფოსგან მალულად” პროფესორი ჯეისონ როისი ლინდსი ამტკიცებს, რომ თუნდაც განვაგდოთ ყველა შეთქმულების თეორია, „დიფ სთეითი”, ანუ Глибинна держава მაინც სასარგებლო ტერმინია, რომელიც გვეხმარება, გავიაზროთ ნაციონალური უსაფრთხოების ესა თუ ის ასპექტი განვითარებულ ქვეყნებში და, უპირველესად, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლინდსი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ჩრდილოვანი სახელმწიფო იკვებება ნაციონალური უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურების წიაღიდან, ყალიბდება რა სამეფოდ, სადაც ძალაუფლების წყაროს საიდუმლოება წარმოადგენს.

მიუხედავად ზემოთ წარმოდგენილი მცირე ექსკურსისა, ფართო საზოგადოებისათვის მაინც ძნელად აღსაქმელი იქნება დიფ სთეითის ჭეშმარიტი არსი, ვიდრე მის ადეკვატურ ქართულ შესატყვისს არ ვიპოვით. გაუგებარი ჩრდილოვანი სახელმწიფო, გნებავთ, რუსულ-ინგლისური კალკით ჩამოყალიბებული აბსურდული ტერმინი глубинное государство (სიღრმისეული სახელმწიფო) ოდნავადაც ვერ გამოხატავს ამ ინგლისური სიტყვათწყობის შინაარსს, რომელიც არაფორმალური, საიდუმლო, უხილავი თუ იატაკქვეშა მმართველობის ფორმაზე მიანიშნებს. კულისებიდან მართული სახელმწიფო აპარატი, ანუ იდუმალი პარალელური ხელისუფლება უდავოდ საჭიროებს იმ მოქნილ, ფრაზეოლოგიურად ზუსტ ტერმინს, რომელიც ერთბაშად ცხადყოფს „დიფ სთეითის” ჭეშმარიტ ბუნებას და მის სპეფიციკურ მრავალწახნაგოვნებას. მოდით, ყოველგვარი შეთქმულების თეორიების იგნორირებით ვიპოვოთ უხილავი ხელი და ვცადოთ, შევარჩიოთ ის ერთადერთი კომპოზიტი, რომლის დამკვიდრებაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქართული პოლიტიკური ტერმინოლოგიისათვის.

მაშ, ვამხილოთ მზაკვრული წარმონაქმნი „დიფ სთეითი”, იგივე ფარული დასი, რომელიც დღემდე ბოგინობს ხელისუფლების მიღმა, რაც მთავარია, ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ!

 

 

ასევე იხილეთ