შალვა პაპუაშვილი: ერთი სული აქვთ, როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მონაგონი იქნება
„ყველა დაინახავს, კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე ცხოვრობდა და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მან ისაუბრა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ყველამ კარგად დაინახოს, ვინც დღემდე ცდილობს, რომ ქართველ ხალს თავს მოახვიოს და თავზე დაასვას ნაციონალური მოძრაობა, ზოგადად ეს იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობასა და ადამიანის დაჩაგვრაზე, რასთან გვქონდა საქმე და შეფასდეს ეს ყველაფერი. 2012 წლის შემდეგ ვიცით, თუ როგორ უშლიდნენ მაშინ ხელს გარე აქტორები იმას, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე გაეგო, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა საქმე. ის რასაც ვხედავდით, იყო მხოლოდ აისბერგის წვერი იმ დანაშაულებისა, რომელიც ჩანდა, სიღრმეში კი იყოს მთელი წყება დანაშაულებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთმანეთს განაპირობებდა. ამიტომ საგამოძიებო კომისიის ამოცანა ეს არის, რომ სისტემურად, საჯაროდ შეისწავლოს ეს. ყველა დაინახავს, კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე ცხოვრობდა და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ. მათ შორის ეს ხომ უნდა ნახოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი. მაინტერესებს ადამიანების წამება თუ პოლონეთის მთავრობისთვის მოდერნიზებას ნიშნავს, საინტერესო პოზიციაა. შემდეგ როდესაც განცხადებებს ვისმენთ ხან პოლონეთის, ხან სამკუთხედისა და ხან ხუთკუთხედის საქართველოს ხელისუფლებაზე, უნდა ვიცოდეთ რომ ეს ის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელსაც თურმე ჰგონია, რომ წამების სისტემა, ბიზნესის რეკეტი მოდერნიზაციაა. შემდეგ ერთხელ კიდევ ვკითხავთ ბატონ სიკორსკის, რას ფიქრობს ახლა სააკაშვილზე, მაინც მოდერნიზატორად მიაჩნია თუ არა ის და მოდერნიზატულ მიდგომად ის რეპრესიები, რომელიც 2012 წლამდე იყო და ახლაც გვპირდებიან ამას; მთელი ეს პერიოდი, მხოლოდ ერთი მომენტი რომ გავიხსენოთ – საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა. ვნახეთ შევარდნის კადრები იმ ადამიანებისა, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები არიან. ვნახეთ რომელიმე უცხოელი აქტორის, ენჯეოს მიერ ერთი სიტყვა მაინც საყვედურისა, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა? 21-ე საუკუნეში, სააკაშვილის რეჟიმგამოვლილ ქვეყანას ამას გვაყურებინებენ კიდევ ერთხელ და გვარწმუნებენ, რომ ეს არის დემოკრატია, მოდერნიზაცია.
მათ შორის ვნახეთ თქვენ ტელევიზიასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გამოხმაურება – პირდაპირ მუქარა დამოუკიდებელი მედიის მიმართ. წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაც რომელიმე სხვა მედიის მიმართ ქართველ პოლიტიკოსს რომ ეთქვა, ამას რა მოჰყვებოდა? გამზადებული აქვთ უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც. ერთი სული აქვთ როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მოსაგონი იქნება. მოინიშნავენ ყველას სახელს, ვინც მათ ეწინააღმდეგება, იმისთვის, რომ შემდეგ გაუსწორდნენ. მათ შორის, თქვენი არხის მფლობელის ინტერვიუ იყო დიდი განხილვის სფერო – როგორც კი განსხვავებული აზრი მოხვდა მათ გვირაბივით სწორხაზოვან სივრცეში, რამხელა მიუღებლობა და კრიტიკა იყო – როგორ დაუშვით, რომ ჩვენ ამ სტერილურ ბაბლში აღმოჩნდა განსხვავებული აზრის ერთი გრამიო. წარმოგიდგენიათ რას იზამენ ეს ადამიანები ხელისუფლება რომ ჰქონდეთ? დახურავენ ყველა მედიას და ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ იქნება, იმავე ეგზეკუციას მოუწყობენ რასაც 2012 წლამდე უწყობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.