top_leaderboard

მაია კახიძე: რობერტ ბარძიმაშვილის „რობი“

პოეტი მაია კახიძე ლეგენდარულ რობერტ ბარძიმაშვილზე სოციალურ ქსელში მოგონებას აქვეყნებს.

„დიდი მაესტრო, რობერტ ბარძიმაშვილი იანვრის „ბიჭი“ იყო, 20 იანვრის. ყველა ჩემი რესპონდენტი მახსოვს, ვინც დაუვიწყარი კვალი დამიტოვა მეც და სამშობლოსაც. საუცხოო, გამორჩეული ადამიანი იყო. ჰოდა, ბატონი რობერტის პატივსაცემად ჩემი მოგონება მინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც, ვიცი, ყველა წაიკითხავთ:

რობერტ ბარძიმაშვილის „რობი“

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ნამდვილი ამბავი

არის რაღაც მისტიკური ამ ამბავში. არ ვიცი, რა დავარქვა ჩემს მოგონებას, რომელმაც არაერთხელ დამაფიქრა.

რობერტ ბარძიმაშვილი, პლეხანოვზე, ძველ ფილარმონიაში გავიცანი, 25 წლის ვიყავი მაშინ. მხოლოდ ეკრანიდან მყავდა ნანახი, ახლა რომ ვარსკვლავს ეძახიან, მაშინ ასე არ იყო, მაგრამ ისეთი ცნობილი გახლდათ, ყველა, მთელი თბილისი ჩერდებოდა მის დანახვაზე. არადა, ასეთი პოპულარობის მიუხედავად, სულაც არ იყო ამპარტავანი. თბილი, გულიანი, მუდამ მოფუსფუსე დამამახსოვრდა, ერთი წამით ვერავინ ნახავდა გაჩერებულს.

მერე კი, ჩემმა ორივე პროფესიამ ახლოს გამაცნო რობერტი, მე ის საქმიანიც მინახავს, სევდიანიც, მდუმარეც, ჩაფიქრებულიც, მტკივნეულად რომ მიამბობდა თავის განცდებზე.

განსაკუთრებით კრწანისის პაწია სახლი უყვარდა, ედუარდ შევარდნაძის მეზობელი გახლდათ. ერთხელ შევარდნაძეზე ვკითხე:

– მარილის სათხოვნელად არ მოსულა-მეთქი?

– ვესალმებით დილა-საღამოს ერთმანეთს, მარილზე კი ჯერ მოსულაო.

– არც ახალ წელს გაქვთ მისვლა-მოსვლა-თქო?

– ჯერ არ დავუპატიჟივარ და თუ დამიძახებს, მეზობელია, უარს ხომ არ ვეტყვიო?

ბევრი ვიცინეთ.

უჰ, ძალიან მაინტერესებდა კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, მაგრამ მაშინ ვინ მიგიშვებდა?!

რობერტი რომ არა, ვერაფერს მოვახერხებდი.

თავისი მანქანით შემაპარა, პრეზიდენტის დაცვამ „ჩესტი“ აუღო, მე კი მანქანის უკანა სავარძელზე ვიყავი გაწოლილი და მალე ბატონი რობერტის ეზო-კარში აღმოვჩნდი.

მერე, მისი სახლის მანსარდის მთლად „კენწეროში“ მოვექეცი, მფოფხავ მდგომარეობაში, დიდი აკრობატული „გამოსვლა“ ჩავატარე და შევარდნაძის რეზიდენციისა და ეზოს რამდენიმე კადრი მაინც გადავიღე. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად (ისეთი დრო იყოოო?..). თურმე, ზემოთ, მთაზე, სათვალთალოც ყოფილა თანამედროვედ აღჭურვილი, ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებდნენ, სნაიპერიც ჰყავდათ, როგორც მერე გავიგე, მაგრამ ისე გავეპარე, ვერაფერსაც ვერ მიხვდნენ. ისე, ეს ყველაფერი წინასწარ რომ მცოდნოდა, გადავიღებდი კი? აბა, რას ვიზამდი ავლაბრელ-პლეხანოველი გოგო?!

ალბათ, დაბეჭდილი ფოტოების მერე ტყავიც გააძრეს ვიღაცებს, არ ვიცი, მე კი მუდამ გამორჩეულად მახსენდება ეს ამბავი.

საერთოდ, ვინც პირადად იცნობდა რობერტს, აუცილებლად დაინახავდა მომღერლის შეფარულ სევდას, მას ბევრი რამ აფიქრებდა, გულს ტკენდა, მაგრამ მაინც ქმნიდა და მღეროდა. თბილისი მისი ქალაქი იყო, გამორჩეულად უყვარდათ ერთმანეთი, თბილისს რობერტი, რობერტს – თბილისი, ნამდვილი სახალხო არტისტი იყო.

გასახსენებელი ბევრია, რობერტ ბარძიმაშვილი და მისი შემოქმედება ამის ღირსი ნამდვილად არის. უფრო მეტად უნდა მოფერებოდნენ ასეთ ადამიანს და ეგება ასე ადრე არ წავიდოდა ჩვენგან…

ახლა სხვა რამის თქმა მინდა, ალბათ, უფრო დაუჯერებელის, მისტიკურის.

ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ვაკეში, მის სახლში, თვალი მოვკარი უცხო ყვავილს. მიხვდა, რომ მომეწონა. უნგრეთიდან წამოვიღეთო, მითხრა. მეუღლეს დაუძახა და წყალში დაფესვიანებული მაჩუქეს. მეც გახარებულმა მივიღე საჩუქარი. მეორე დღესვე შევიძინე ქოთანი და დავაბინავე ჩემი სახლის ახალი მწვანე ბინადარი.

სახელიც დავარქვი, „რობის“ ვეძახი (ყველა ყვავილს სახელებს ვარქმევ, ზოგი გოგოა, ზოგი ბიჭი). გაიზარდა რობი და რა გაიზარდა, ისე დამშვენდა , მის სანახავდ მოდიოდნენ. მერე კი…

მერე „რობიმაც“ მოიწყინა და საქართველომაც!

რამდენჯერმე ვთხოვე:

– ბატონო რობერტ, ინფარქტი გადაიტანეთ, მაინც სვამთ, ეწევით, ახლა ამდენი ყავა-მეთქი? – მართლა გულწრფელად ვთხოვე, თავი დაენებებინა.

– ვერა, მაიკო, ვერაოოო… – იცინოდა ხოლმე.

მახსოვს, ბოლოს, მის გარდაცვალებმადე ორიოდე თვით ადრე ვუთხარი. მანქანაში კონიაკის ბოთლიც ვნახე და (ალბათ, ასე უფრო ერჩივნა)…

ერთ დღესაც სახლში ყვავილებს ჩამოვურბინე, ფოთლებს ხშირად ვწმენდ მტვრისგან, „რობი“ უკვე იმხელა იყო, სკამზე შემდგარმა დავიწყე მისი გასუფთავება და ვაიი, მოულოდნელად ნახევარ სიმაღლეზე თავისით გადატყდა. ძალიან განვიცადე, იმდენ ხანს ვზრდიდი, მაშინვე ცოტა გადავჭერი და წყლიან ჭურჭელში მოვათავსე.

ზუსტად სამი დღის მერე კი ბატონი რობერტი გარდაიცვალა… ვითომ ყვავილმა იგრძნო? მე მგონი, იგრძნო…

მე და ჩემი მეუღლე, რასაკვირველია, დაკრძალვაზე წავედით, მაგრამ არ შევსულვარ ლურჯ მონასტერში, ვერ შევძელი.

რობი ახლა მართლა დიდი „ბიჭია“ და ეს დღეები კი ძალიან მოწყენილია.

საოცრებაა პირდაპირ, როგორც კი ახლოვდება რობერტის გარდაცვალების თარიღი ან დაბადების დღე, მოიწყენს, სიყვითლეც უცებ შეეპარება, ჭკნებასავით. ისევ ვიწყებ მის „რეანიმაციას“, ახალი მიწა, გადაჭრა, დაფესვიანება, მზე და ა.შ. რაც ყვავილს ესაჭიროება, თან ველაპარაკები – რობერტს არ მოეწონებოდა შენი საქციელი-მეთქი.

ყოველ ჯერზე ვცდილობ, გამოვაცოცხლო, ახლა ერთი ქოთნიდან სულ გამიქრა, მხოლოდ ერთში მყავს და ერთ პატარა ტოტსაც ვაფესვიანებ, ვნახოთ, რას იზამს.

„რობიც“ უკვე თბილისელია ბატონი რობერტივით და თან, ორივე ქართულ მიწაშია, ერთი „იქ“, მეორე – აქ, ზევით…

*

პ.ს. ბატონო რობერტ, თქვენს ნაჩუქარ ყვავილს მთელი გულით ვუფრთხილდები. ოდესმე შეგხვდებით და ყველაფერს გიამბობთ…“ – წერს მაია კახიძე.

 

ასევე იხილეთ