top_leaderboard

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს და სტადიონის  კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.

კომისიის წევრებმა ქვეყანაში სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ახალი, მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი, რაც გაზრდის ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას.

„ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. მოქმედი ინფრასტრუქტურა ამ კუთხითაც პრობლემურია. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა, რაც დღეს ქვეყანას არ აქვს და სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებების მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

სტადიონის მშენებლობისთვის ქალაქის გარეუბანში 2 ძირითადი ლოკაციაა შერჩეული, საბოლოო გადაწყვეტილება კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჰოლანდიურ კომპანიასთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

კომისიის სხდომაზე რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს. მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას გეგმავს.

 

ასევე იხილეთ