„იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს იმის შედეგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე.
„გახსოვთ, წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში, იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, თითქოს მათ მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ. ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.