„ყველა მიმართულებით ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ზესტაფონში განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს მიერ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის განხილვის საკითხს შეეხებოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი ინიციატივებით ოპოზიცია ვერ შეარყევს ქვეყნის პოზიციებს, თუმცა, ეს მეტყველებს მათ ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე.
„ყველა მიმართულებით ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის მორიგი ანტი-ქართული ინიციატივა, ნაბიჯი, რადიკალური ოპოზიციის, მათი ბატონების მხრიდან. ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, თუმცა, თავისთავად, ეს მეტყველებს ოპოზიციის ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე. მათი ინტერესები სამწუხაროდ ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის საინტერესო, მაგრამ იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
მე მინდა, შეგახსენოთ, წლების განმავლობაში, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტი-ქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ,“- განაცხადა პრემიერმა.