top_leaderboard

გივი მიქანაძე: “დიფ სთეითისთვის” მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლება

“დიფ სთეითისთვის” მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა, მათი მონამორჩილი რადიკალები კი ჩვენს ქვეყანაში კვლავაც აგრძელებენ იმ დღის წესრიგს, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელია”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

“რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები უმნიშვნელოვანესია, გახსოვთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ღია, საჯარო წერილით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ არ ცნონ ახალი ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ეს არის იმის ანალოგი, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2017-2018 წლებში ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიეცათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ფაქტია, რომ „დიფ სთეითისთვის“ მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა, ის ყველა მიმართულებით ცდილობს, თავისი შესაძლებლობები, სადაც კი დარჩენია, გააქტიუროს. ამავდროულად, ვხედავთ, რომ მათი მონამორჩილი რადიკალები ჩვენს ქვეყანაში კვლავაც აგრძელებენ იმ დღის წესრიგს, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელია”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. საქართველოს ხელისუფლების დელეგაციას, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით შეხვედრები ექნება. დებატების დღის წესრიგის თანახმად, განიხილება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი.

როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიცია ევროსაბჭოს მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაცია არ დაამტკიცოს. ხელისუფლების ოპონენტებმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს შესაბამისი წერილი გაუგზავნეს.

ასევე იხილეთ