“რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ქართული სახელმწიფოს ოპოზიციაა და არა „ქართული ოცნების“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მან კომენტარი გააკეთა სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისთვის მიწერილ წერილზე.
“მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, მათი განცხადება და წერილი არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ახალი მანდატით არჩეულ „ქართულ ოცნებასთან“. მე დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ ასეთი გადაწყვეტილება მომგებიანი არ იქნება”, – აცხადებს ბოჟაძე.
სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.