დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, განიხილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის დაბრუნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, განიხილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნება. მანამდე ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებდა, რადგან აშშ-მა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციასა და საზღვრების დაცვაზე.
“ჩვენ ვაპირებთ, დავამარცხოთ ინფლაცია, შევამციროთ ფასები. ჩვენ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას. ვაპირებთ, ჩავდოთ მეტი ფული თქვენს ჯიბეებში, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, აღვადგინოთ კანონი და წესრიგი ჩვენს ქალაქებში. ჩვენ ვაპირებთ, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ”, – განაცხადა ტრამპმა.