ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩვენ ქვეყნიდან არავინ გაგვიძევებია, ციხე არის მათთვის, ვინც არღვევს კანონს
“ზოგიერთმა პოლიტიკურმა ოპონენტმა აირჩია ციხეში წასვლა, ზოგიერთმა – გადასახლება, ჩვენ ქვეყნიდან არავინ გაგვიძევებია”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, მას არავინ გაუძევებია ქვეყნიდან და დაკავებულმა ოპონენტებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კანონი დაარღვიეს.
“ზოგი ციხეშია, ზოგი – გადასახლებაში და ა.შ. შენ კი აქ ხარ, ეს არის არჩევანის უფლება, ესაა დემოკრატია. ვიღაცამ ციხე აირჩია, ვიღაცამ გადასახლება აირჩია, როგორც თქვენ ამბობთ, ჩვენ არავინ გაგვიძევებია. ბელარუსში არავის უშლიან საუბარს, მაგრამ ციხე არის მათთვის, ვინც, უხეშად რომ ვთქვათ, „პირს ზედმეტად აღებს“, მათთვის, ვინც არღვევს კანონს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ჟურნალისტის კითხვაზე, – „რატომ არ აძლევს უფლებას ოპონენტებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და რატომ არის 1 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი“, – ლუკაშენკომ უპასუხა, რომ არჩევნებამდე 200-მდე პატიმარი უკვე გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.
70 წლის ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში არეულობა გამოიწვია, დაარბიეს საპროტესტო აქციები. აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ სცნეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ამჟამად ქვეყანაში, დაახლოებით, 1 250 პოლიტპატიმარი იმყოფება, რასაც ლუკაშენკო უარყოფს.