დავით მათიკაშვილი: “ის, რომ ტყუილებით გაჯერებული წერილი იქნა გაგზავნილი ევროპულ სტრუქტურაში, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას კი არ ჰყავს ოპოზიცია, ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას”
“ის, რომ ტყუილებით გაჯერებული წერილი იქნა გაგზავნილი ევროპულ სტრუქტურაში, მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე – საქართველოს ხელისუფლებას არ ჰყავს ოპოზიცია, ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ამით ის გამოეხმაურა ოპოზიციის წერილს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა იმ მოთხოვნით, რომ საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერდეს.
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს იმ პლაცდარმს, სადაც ჩვენი დელეგაცია ყოველთვის აქტიურად წარმოადგენდა საქართველოს, იცავდა მის ინტერესებს. ცხადია, ამ შემთხვევაშიც სრულად გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ შესაძლებლობებს, რაც ექნება ჩვენს დელეგაციას. ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ღალატის მორიგი აქტი ჩაიდინა და ტყუილებით გაჯერებული წერილი იქნა გაგზავნილი ევროპულ სტრუქტურაში, ეს მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე – საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ ჰყავს ოპოზიცია, ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას და ისინი მუდამ ცდილობენ, რომ რაიმე ფორმით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია მარტო არ მოქმედებს – მათ ჰყავთ შესაბამისი მხარდამჭერები იმ მცირე, დარჩენილ ჯგუფში გლობალური ნეგატიური ძალების, რომელთა სურვილიც ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის პროგრესი და წინსვლა და ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, დაახლოებით ორ საათში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება. რამდენიმე საათში გაირკვევა, გაითვალისწინებს თუ არა ევროსაბჭო ქართული ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
ოპოზიციამ წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაგზავნა, თუმცა საკითხი ჯერ ოფიციალურად ინიციირებული არ არის.