ლევან მაჭავარიანი – ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა, საქართველოსთან მიმართებით უსამართლო მოქცევა ამის შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს
ტრამპს რამდენიმე დღის წინ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვა ჰქონდა და მან პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა. შესაბამისად, ევროკავშირის უსამართლო მოქცევა საქართველოსთან მიმართებაში ამის შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება.
„ესტონეთს არავინ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ეს უნდა იყოს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენსუსი. ჩვრნ ვიცით, სულ მცირე, ის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამას არ დათანხმდება და ასეთი ქვეყნების რაოდენობა იზრდება. ვატყობთ, ევროკავშირში პოლიტიკური კონიუნქტურა როგორ იცვლება. მაგალითად, სლოვაკეთსა და უნგრეთს ემატება ისეთი ქვეყნები – ავსტრია, სერბეთი და ა.შ. რომლებიც თავიანთ სუვერენიტეტზე ზრუნვას იწყებენ. სხვათაშორის, ბატონი ილონ მასკის მოწოდებაც იყო, რომ დროა, ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ თავიანთ სუვერენიტეტზე იზრუნონ და უხეში ჩარევის უფლებას ბრიუსელს ნუ მისცემთ, ვინაიდან დღეს ყველაფერი ბრიუსელიდან იმართებაო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს, მაჭავარიანი ამბობს, რომ პირადი მიზნებით ევროპაში გადაადგილებისას დიპლომატიურ პასპორტს არც იყენებს.
„ჯერ დაველოდოთ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს უსამართლობა ჩემთვის სიურპრიზი არ იქნება. დიპლომატიურ პასპორტებს რაც შეეხება, რომელიმე ქვეყანაში რამე ოფიციალური ვიზიტი თუ გვაქვს, მაშინ ამ ვიზიტს თავისი ვიზაც მოჰყვება. როდესაც ევროპაში ჩვენი პირადი მიზნებისთვის გადავაადგილდებით, ჩვენ ჩვეულებრივი პასპორტები გვაქვს, მაგის არანაირი პრობლემა არ არის და დისკომფორტს ვერ ვხედავ. მთელი ცხოვრება ასე ვმგზავრობდი და ახლაც ასე ვაგრძელებ მგზავრობას, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური პასპორტი მაქვს. დიპლომატიურ პასპორტს არ ვიყენებ და როდესაც პირადი მიზნებისთვის გადაადგილდებიან, არ მგონია, ჩვენი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა დიპლომატიურ პასპორტებს იყენებდეს. თუ ვიღაცის რიგში ჩადგომა მოგვიწევს, მაგაზეც არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.