რობერტ ფიცო წინადადებით გამოვიდა, კონსტიტუციაში დაფიქსირდეს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი და აიკრძალოს ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში დაფიქსირდება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, აიკრძალება ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანა და ევროკავშირის წესებს აღარ ექნება უპირატესობა შიდა კანონებთან მიმართებით.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წინადადება გაივლის უწყებათაშორის განხილვას.
ფიცოს თქმით, კოალიციაში არის ლიბერალური ხმები, რომლებიც ამ წინადადებით აღფრთოვანებული არ იქნებიან. ცვლილებების შესატანად საჭიროა 90 დეპუტატის ხმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონსტიტუციაში გაჩნდება ახალი მუხლი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი. ასევე, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სერიოზული მიზეზების გამო. დეტალები კანონში უნდა იყოს გაწერილი.
სლოვაკეთის პრემიერი ასევე აპირებს, გადაწყვიტოს ბავშვების შვილად აყვანის საკითხი. ინიციატივის თანახმად, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ შვილად აყვანა შეეძლებათ მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს, ქვრივ მამაკაცს ან ქალს, გამონაკლის შემთხვევაში და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, ერთ ადამიანს.
მეოთხე წინადადება გულისხმობს, რომ საგანმანათლებლო პროგრამა უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციის პრინციპებს. მეხუთე წინადადების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს დებულება, რომელიც უზრუნველყოფს მამაკაცებისა და ქალების თანასწორობას შესრულებული სამუშაოსთვის მიღებულ ანაზღაურებაში.