top_leaderboard

ცესკო: ტელეკომპანია „პირველს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

ცესკო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტელეკომპანია „პირველს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სრულად მანიპულაციურია და მასში ასახული ფაქტები თუ მოსაზრებები სიცრუეა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, მანამდე გაგაცნობთ სიუჟეტში გასულ მანიპულაციასთან თუ სიცრუესთან დაკავშირებულ რეალურ ინფორმაციას.

პირველი მანიპულაცია და ტყუილი – სიუჟეტის დასაწყისშივე ავტორი ამბობს, თითქოს მათმა კამერამ ინტერვიუს ჩაწერის დროს კარს მიღმა მომლოდინე ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი დააფიქსირა და აჩვენა კადრი, სადაც თითქოსდა ჩანს გიორგი ჯავახიშვილი. სინამდვილეში კი კადრში ცესკო-ს აპარატის თანამშრომელია. მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია, სიუჟეტის ავტორს ვერ დაედგინა, რომ აღნიშნული პირი ცესკოს მდივანი არ იყო – სწორედ იმ დღეს მან პირადად ჩაწერა ინტერვიუ გიორგი ჯავახიშვილთან. ამიტომ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მან ცესკოს აპარატის თანამშრომლის შემთხვევითი კადრი მანიპულაციურად გამოიყენა.

ტყუილია ისიც, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია თანამშრომელთა მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს ან ცესკო-ს ყოფილი წევრის დავით კირთაძის მეუღლეს, ცესკო-ს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს უკავშირდება.

საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთ დონეზე არცერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია, მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის განუხრელად იცავს და ერთგულია საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისა და ყოველი არჩევნების ჩატარებისას ხელმძღვანელობს ევროპული სტანდარტებით. შესაბამისად, ამ მიზეზით ცესკო-ს აპარატიდან არცერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ.

სინამდვილეში რეორგანიზაცია, მათ შორის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის გაუქმება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვიდან გამომდინარე სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით გამოკვეთილმა ახალმა საჭიროებებმა განაპირობა. განვლილმა არჩევნებმა და მიღებულმა გამოცდილებამ უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა აჩვენა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცესკო-ს აპარატის სტრუქტურის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც უპასუხებდა არსებულ გამოწვევებს. ამასთან, შესაძლებელი გახდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ფუნქციების შესრულება, მათ შორის ანგარიშების მომზადება, სტრატეგიული თუ სამოქმედო გეგმების შემუშავება უშუალოდ სტრუქტურული ერთეულების მიერ. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ახლაც, საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ გაანალიზა გაწეული საქმიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ, კოლეგიურად მიიღო რეორგანიზაციის გადაწყვეტილება.

ასევე ტყუილია ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ სიუჟეტში ნახსენები ინფორმაცია, თითქოსდა მათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მონიტორინგის უფლება არ მიეცათ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო უბნების მონიტორინგი მათ ფუნქცია-მოვალეობას არ წარმოადგენდა. აღნიშნული პირების უშუალო მოვალეობა იყო სწავლების მასალებისა და ტრენინგების მონიტორინგი, რაც არჩევნების დღისთვის, რა თქმა უნდა, დასრულებული იყო.

ასევე მანიპულაციურია ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ პირებს არჩევნების დღეს ცესკოს შენობაში ყოფნის უფლება სპეციალურად არ მისცეს – ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შემოსვლა აკრძალული არცერთი თანამშრომლისთვის არ ყოფილა (რასაც სიუჟეტში თავად აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტიც) – გასული წლების მსგავსად, გაიცა მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ცესკო-ში ის თანამშრომლები ყოფილიყვნენ, რომელთა ფუნქცია-მოვალეობებიც უკავშირდებოდა საარჩევნო პროცესებს და მოითხოვდა ადგილზე ყოფნას. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დღეს ასევე არ იმყოფებოდნენ ცესკო-ში როგორც საფინანსო, ისე ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტების თანამშრომლები.

და ბოლოს, გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკო-ს ყოფილი, იმ თანამშრომლების განცხადებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“, არ იცოდნენ „რა იწერებოდა ვერიფიკაციის აპარატებში“, „სამუშაო სივრცე ისმინება“, „ცესკოს შენობაში დადიოდნენ ადამიანები არსაიდან“, არ მისცეს ელექტრონული აპარატების შესწავლის უფლება და ა.შ. – აღნიშნული პირები ცესკო-ში მიმდინარე წლის 20 იანვრამდე მუშაობდნენ, 26 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან თითქმის სამი თვე. მიუკერძოებელი ჟურნალისტი მინიმუმ კითხვას მაინც დასვამდა, თუ ეს ყველაფერი ასე იყო, რატომ განაცხადეს ეს მხოლოდ 20 იანვრის შემდეგ და არა მანამდე. მაგრამ ასეთი კითხვის დასმის შედეგ, ყველასთვის ცხადი გახდებოდა, რომ ახლა ეს ადამიანები მოქმედებენ მხოლოდ პირადი წყენის საფუძველზე და ასევე, სავარაუდოდ იმ პირების გავლენის ქვეშ არიან, რომელთა მიზანიც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციაა ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ