რუსთავში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
რუსთავის მერიის ორგანიზებით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით – „ოქროს ხელები”, 30 -მდე ნამუშევარს აერთიანებს.
გამოფენის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
„ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეაში, დღეს უაღრესად ნიჭიერი ხელოვანის – ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მიხარია, რომ ხელოვნების ახალ გალერეაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავხსენით, რუსთაველ მხატვრებს საგამოფენო სივრცე აქვთ, რუსთაველებს კი ასეთი მაღალი დონის მხატვრების ნამუშევრების გამოფენაზე დასწრებისა და მასპინძლობის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რუსთავში პირველად იმართება. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს ხელოვნებისა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმებში, კულტურის სამინისტროს ფონდებში და ტრეტიაკოვსკის გალერეაში, ასევე აშშ-ში ბილი ჯოელის, სტენლი ტალკოტის, ქეთევან ბაგრატიონის, თემურ იაკობაშვილის, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, იტალიაში, უნგრეთში რუსეთში, ისრაელში კერძო კოლექციებშია დაცული.
ჯემალ კუხალაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მხატვრულად გააფორმა ელდარ შენგელაიას ფილმი „სამანიშვილის დედინაცვალი”. 1979 წლიდან, დღემდე ის თბილისში მოწყობილი ყველა მნიშვნელოვანი გამოფენის მონაწილეა. 1987 წელს თბილისში „სურათების ეროვნულ გალერეაში” გამართულ გამოფენაზე მისმა ფერწერულმა ტრიპტიქმა „ამაღლება” მხატვართა კავშირის პრიზი და პირველი პრემია დაიმსახურა და წლის საუკეთესო მხატვრის წოდება მიენიჭა. 2001-2003 წლებში თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი პრემია და გრან პრი აქვს მიღებული, 2012 წელს გალაკტიონ ტაბიძისა და ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა, ხოლო 2022 წელს დაჯილდოვდა დავით აღმაშენებლის სახელობის ოქროს მედლით. მუშაობდა თემურ ბაბლუანის ფილმ „უძინართა მზის” კინო მხატვრობაზე. ჯემალ კუხალაშვილი საქართველოს მხატვართა კავშირისა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირების წევრია.
ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეა, ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს. კუხალაშვილი მესამე მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც რუსთავის ახალ გალერეაში გამოიფინა.
ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა 2024 წლის 23 ოქტომბერს, მისივე ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. რუსთავში სამხატვრო გალერეის არსებობას ხელოვანები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი სურვილი გასულ წელს შესრულდა და ქალაქს თანამედროვე საგამოფენო სივრცე გაიხსნა, სადაც ნებისმიერ შემოქმედს აქვს საშუალება გამოფინოს ნამუშევრები, ხოლო რუსთაველებს შესაძლებლობა, გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებს. ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაშია განთავსებული.