ზელენსკის აინტერესებს, თუ რაზე მოილაპარაკეს ბაიდენმა და პუტინმა ომის დაწყებამდე შვეიცარიაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიელ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას აინტერესებს, ომის დაწყებამდე, 2021 წელს შვეიცარიაში შეხვედრისას რაზე მოილაპარაკეს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაზე დეტალური საუბარი არ სურს, მით უმეტეს, რომ ყველა დეტალი ზედმიწევნით არ იცის.
„არ მსურს ჩავუღრმავდე იმას, თუ როგორ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი… ჩვენ, სავარაუდოდ, ბოლომდე ყველა წვრილმანი არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ ვარაუდების აგება შეგვიძლია. მაგრამ მე მაინც მაინტერესებს, კონკრეტულად რას განიხილავდნენ პუტინი და ბაიდენი შვეიცარიაში. მსურს გავიგო. შესაძლოა, ამ კითხვას ისტორიამ გასცეს პასუხი“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ თეთრი სახლის ახალ ლიდერს დონალდ ტრამპს უკრაინის ომის დასრულების შანსი აქვს.