BBC სტატიას უძღვნის ადამიანებს, რომლებსაც თავის წონაზე ბევრად დიდი ტვირთის აწევა შეუძლიათ და ერთ-ერთ მაგალითად ლაშა ტალახაძე მოჰყავს
„როგორ ატარო ტვირთი, რომელიც შენს წონას ბევრად აჭარბებს“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC და მაგალითისთვის სხვადასხვა ქვეყნისა და ადამიანების გამოცდილება მოჰყავს, რომელშიც ქართველი ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც მოხვდა.
„შევხედოთ ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში ტაშკენტში, 2021 წელს, მან სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს. შეჯიბრების დროს მან ატაცში 267 კგ დასძლია, რაც მის წონაზე ორჯერ უფრო მეტია. უმრავლესობა ჩვენგანისთვის მსგავსი სიმძიმის აწევა უბრალოდ შეუძლებელია“, – წერია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები თავის წონაზე ბევრად მძიმე ტვირთს ატარებენ. მეცნიერებმა ახსნეს, როგორ ახერხებენ ისინი ამას.
მაგალითად, ვიეტნამში მუშები ყოველდღე ძალიან მძიმე ტვირთს ეზიდებიან. ტვირთი მათი სხეულის წონას ბევრად აჭარბებს, თუმცა, ერთი შეხედვით, მათ ეს იოლად გამოსდით. ვიეტნამელ მუშებს ერთი საიდუმლო აქვთ – გრძელი, ბამბუკის ხისგან დამზადებული ჯოხები.
მუშები სიარულს ისე არეგულირებენ, რომ ტვირთი, რომელიც ბამბუკის ჯოხების ბოლოშია მიმაგრებული, მათი ფეხების ნაბიჯებს ტაქტში იმეორებს. მეცნიერების აზრით, ეს თითქმის 18%-ით ამცირებს მუშების ძალისხმევას, აწიონ და ატარონ მათ წონაზე ბევრად მძიმე ტვირთი.